გელა ჩივიაშვილი - თბილისის მერია პრეპარატ ჰერცეპტინით აფინანსებს ქალბატონებს, ვისაც HER2 დადებითი ტიპის კიბო აქვთ
გელა ჩივიაშვილი - თბილისის მერია პრეპარატ ჰერცეპტინით აფინანსებს ქალბატონებს, ვისაც HER2 დადებითი ტიპის კიბო აქვთ

მწარმოებელი კომპანიის მიერ გადადგმული კარგი ნაბიჯით, პრეპარატ ჰერცეპტინის კომერციული ფასი ფაქტობრივად, განახევრდა და 2018 წლიდან კიდევ უფრო მეტად შემცირდა, – ამის შესახებ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„თბილისის მერიის მიერ პრეპარატი 150 000 ქულის ქვევით, სოციალურად დაუცველი ყველა ქალბატონისთვის სრულად ფინანსდება, ხოლო ყველა დანარჩენს ღირებულების 80% უფინანსდება. ადრე, ასეთ ოჯახებს ამ მედიკამენტით მკურნალობა 100 000 ლარამდე უჯდებოდათ. პაციენტს ერთი ფლაკონი ჰერცეპტინი 21 დღეში ერთხელ სჭირდება, რომლის კომერციული ფასი პროგრამის დაწყებამდე 5 500 ლარი იყო, დღეს კი 2 000 ლარია“, – განაცხადა ჩივიაშვილმა.

მისი თქმით, თბილისის მასშტაბით დედაქალაქის მერია აფინანსებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამას, ასევე – პრეპარატ ჰერცეპტინით უზრუნველყოფის პროგრამას ქალბატონებისთვის, რომლებსაც HER2 დადებითი ტიპის კიბო აქვთ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა აქტივობებს გეგმავს თბილისის მერია უახლოეს მომავალში, რათა მოქალაქეებმა პროგრამებისა და სკრინინგ ცენტრების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ, გელა ჩივიაშვილმა თქვა, რომ თბილისის მასშტაბით მოქმედებს სკრინინგ ცენტრის ნომერი 220 35 35, სადაც ზარი უფასოა და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, კონსულტაცია მიიღოს.

„თუ სიცოცხლის გადარჩენა გვინდა, ეს სწორედ პრევენციაა. ეს არის სკრინინგ ცენტრისთვის დროულად მიმართვა. როცა სახელმწიფო საშუალებას გაძლევს, ცენტრს უფასოდ მიმართო, მნიშვნელოვანია, ჩვენს ჯანმრთელობაზე, პირველ რიგში, ჩვენ თვითონ ვიზრუნოთ“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

 

დატოვე კომენტარი