ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელფასო დავალიანება მიმდინარე ორი თვის განმავლობაში ანაზღაურდება
ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელფასო დავალიანება მიმდინარე ორი თვის განმავლობაში ანაზღაურდება

„სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში“ შემავალი სამედიცინო დაწესებულებების განვითარების პირველი ეტაპი იწყება, – ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.

მისი თქმით, საწყის ეტაპზე „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი) სრული რეაბილიტაცია-აღჭურვა განხორციელდება. მოხდება ცენტრის სრული აღდგენა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგება. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„ონკოლოგიური საავადმყოფო არის სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტი საქართველოს ჯანდაცვაში და მისი სათანადო დონეზე პოზიციონირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ სრულად უზრუნველვყოფთ ამ დროისთვის ცენტრში მყოფი პაციენტების მკურნალობას და დისპოზიციას სხვადასხვა სტაციონარულ დაწესებულებებში, სადაც ისინი გააგრძელებენ მკურნალობას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელფასო დავალიანება მიმდინარე ორი თვის განმავლობაში ანაზღაურდება.

„რაც შეეხება საავადმყოფოს მედპერსონალს, მოგეხსენებათ, მათ მიმართ არსებობს სახელფასო დავალიანება. სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას სახელფასო დავალიანების სრულ დაფარვასთან დაკავშირებით. მიმდინარე ორი თვის განმავლობაში დავალიანება სრულად ანაზღაურდება“, – აღნიშნა ტიკარაძემ.