ოლეგ სენცოვს ევროპარლამენტში სახაროვის სახელობის პრემია გადასცეს
ოლეგ სენცოვს ევროპარლამენტში სახაროვის სახელობის პრემია გადასცეს

უკრაინელ რეჟისორს, რუსეთის ყოფილ პატიმარს ოლეგ სენცოვს ევროპარლამენტში სახაროვის სახელობის პრემია გადასცეს. ოლეგ სენცოვი სახაროვის პრემიის ლაურეატად ევროპარლამენტმა ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაცხადა, როდესაც სენცოვი რუსეთში პატიმრობაში იმყოფებოდა. ის უკრაინის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მიიღო.

ოლეგ სენცოვი 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს.

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოლეგ სენცოვმა ევროპელ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რუსეთს არ დაუჯერონ.

„ყოველთვის, როდესაც რომელიმე თქვენგანი დაიწყებს ფიქრს, თუ როგორ გაუწოდოს მეგობრობის ხელი პუტინს, გახსოვდეთ თითოეული ადამიანი უკრაინაში 13 ათასი გარდაცვლილიდან, ის ასობით ჩვენი თანამემამულე, რომელიც ამ დრომდე ციხეში იმყოფება, რომლებსაც შესაძლოა, ამ წუთებში აწამებენ ყირიმელი თათრები, რომლებსაც შესაძლოა, ამ წუთებში აპატიმრებენ, მათ სახლებში კი ჩხრეკა ტარდება, მათი შვილები მშობლების გარეშე რჩებიან“, – განაცხადა სენცოვმა.

რუსი უფლებადამცველის, ანდრეი სახაროვის სახელობის ჯილდო ევროპარლამენტის მიერ 1988 წლიდან გადაეცემა იმ პირებს, რომლებსაც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით.

საერთაშორისო პრემიის მფლობელს ფულადი ჯილდოს სახით 50 ათასი ევრო გადაეცემა. 2017 წელს საპატიო ჯილდო ვენესუელელმა ოპოზიციონერებმა მიიღეს.