ალექსეი ნავალნი სახაროვის სახელობის პრემიის ლაურეატად დასახელდა
ალექსეი ნავალნი სახაროვის სახელობის პრემიის ლაურეატად დასახელდა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ევროპარლამენტმა სახაროვის სახელობის პრემიის ლაურეატად დაასახელა. ტრადიციულად, პრემიის გადაცემის ცერემონია დეკემბერში იმართება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთში პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი სტრასბურგში ჯილდოს მისაღებად გამგზავრებას შეძლებს.

საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის ანდრეი სახაროვის სახელობის საპატიო ჯილდო 1988 წლიდან ადამიანის უფლებადამცველ აქტივისტებსა და დისიდენტებს გადაეცემათ. საერთაშორისო პრემიის მფლობელს ფულადი ჯილდოს სახით 50 ათასი ევრო გადაეცემა.

ალექსეი ნავალნი იანვარში რუსეთში დაბრუნებისას, აეროპორტში დააკავეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გერმანიიდან ბრუნდებოდა, სადაც ის 2020 წლის მოწამლვის შემდეგ მკურნალობდა. 2 თებერვალს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა სასჯელის საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით.