ოლეგ სენცოვი სახაროვის პრემიის სამ პრეტენდენტს შორის დასახელდა
ოლეგ სენცოვი სახაროვის პრემიის სამ პრეტენდენტს შორის დასახელდა

ევროპარლამენტმა ადამიანის უფლებების სფროში სახაროვის პრიზის პრეტენდენტები გამოაცხადა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების კომიტეტების გადაწყვეტილებით, 2018 წლის სახაროვის პრემიის ნომინანტად რუსეთში დაპატიმრებული რეჟისორი ოლეგ სენცოვი დასახელდა, ასევე მაროკოელი უფლებადამცველი ნასარ ზეფზაფი და ის ჰუმანიტარული ორგანიზაციები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებს ეხმარებიან.

სახაროვის პრემიის ლაურეატის ვინაობას სტრასბურგში 25 ოქტომბერს გამოაცხადებენ. 2018 წლის ლაურეატს ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანი და რვა ფრაქციის თავმჯდომარეები გამოავლენენ. დაჯილდოების ცერემონია კი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე 12 დეკემბერს გაიმართება.

რუსი უფლებადამცველის, ანდრეი სახაროვის სახელობის ჯილდო ევროპარლამენტის მიერ 1988 წლიდან გადაეცემა იმ პირებს, რომლებსაც ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. საერთაშორისო პრემიის მფლობელს ფულადი ჯილდოს სახით 50 ათასი ევრო გადაეცემა. 2017 წელს საპატიო ჯილდო ვენესუელელმა ოპოზიციონერებმა მიიღეს.