ოლეგ ფაცაცია - არც ერთ დანაშაულს არ ვაღიარებ, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა
არც ერთ დანაშაულს არ ვაღიარებ, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა, – ამის შესახებ პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ბრალდებულმა ოლეგ ფაცაციამ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ფაცაცია მის მიმართ ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესს დღეს პირველად დაესწრო. მან მცირე განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ცხრა თვეა, არ აქვს საშუალება, ოჯახს დაუკავშირდეს.
„ცხრა თვეა, აკრძალული მაქვს ოჯახის წევრებთან კავშირი იმ მოტივით, რომ მოწმეებზე ზეწოლა არ მომეხდინა. ახლა დასრულდა მოწმეების დაკითხვა და იქნებ, ოჯახთან კონტაქტის საშუალება მომეცეს“, – აღნიშნა ფაცაციამ.
პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ბრალი ექვს პირს აქვს წარდგენილი. ოლეგ ფაცაციას გარდა, ბრალდებულნი არიან N 8 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები.
ოლეგ ფაცაციასა და მალხაზ ღვინიაშვილს, ზედმეტსახელად „ლისის“ პროკურატურა ყოფილი პატიმრის, პაპუნა კვარაცხელიას წამებას ედავება.
ამასთან, ოლეგ ფაცაცია მსჯავრს პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების ფაქტზე იხდის.