ოლაფ შოლცის პარტია რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით დასასრულებლად ახალი ინიციატივით გამოდის
ოლაფ შოლცის პარტია რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით დასასრულებლად ახალი ინიციატივით გამოდის

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პარტია რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით დასასრულებლად ახალი ინიციატივით გამოდის.

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელი ბუნდესტაგში როლფ მიუტცენიხი უკრაინის საკითხზე საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფის შექმნის მოწოდებით გამოვიდა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად სამშვიდობო ინიციატივის მომზადებაზე იმუშავებს.

„ჩემი აზრით, დასავლელ მოკავშირეებს დაუდგათ დრო, წამოიწყონ საკონტაქტო ჯგუფის შექმნა სამშვიდობო პროცესის დასაწყებად“, – განაცხადა მიუტცენიხმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ფედერალური კანცლერი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თანხმდებიან, რომ ახლა კარგი დროა სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩატარების ძალისხმევის გასაძლიერებლად და რომ მომდევნო სამშვიდობო სამიტში რუსეთიც უნდა მონაწილეობდეს.

„ეს სხვა ქვეყნებსაც მისცემს შესაძლებლობას, უფრო აქტიურად შეუწყონ ხელი უკრაინაში ომის შეწყვეტას“, – აღნიშნა სოციალ-დემოკრატმა პოლიტიკოსმა.

მისივე თქმით, საკონტაქტო ჯგუფში, შეიძლება, შევიდნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი და ბრაზილია. მიუტცენიხის მოსაზრებით, ამ ქვეყნებში „ძლიერდება შეხედულება, რომ რუსეთის აგრესიული ომი, შეიძლება, ტვირთად იქცეს“.

ცნობისთვის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ოლაფ შოლცი გამოვიდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შეწყვეტის მიზნით დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერების მოწოდებით.