უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად, სულ მცირე, 41 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები

21:51, 15.09.2024

რუსეთმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანა. უკრაინული მედიის ცნობით, დაშავებულია, სულ მცირე, 41 ადამიანი, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები.

როგორც ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, იერიშის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა და გაჩნდა ხანძარი. დაშავებულებს შორის ოთხი ბავშვია.

შემთხვევას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და მსოფლიოს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინის დახმარებისკენ.

„მსოფლიო უნდა დაგვეხმაროს ათასობით რუსული საავიაციო ბომბისგან დაცვაში, რომლებიც ყოველდღიურად ანადგურებენ უკრაინელებს, მაგრამ ტერორის შესაჩერებლად ჩვენ უნდა დავძლიოთ შიში და მივიღოთ ძლიერი გადაწყვეტილებები, რომლებიც ობიექტურად არის საჭირო. ამ ომის სამართლიანად დასრულება მხოლოდ გამბედაობას შეუძლია. სწორედ გამბედაობა იცავს ყველაზე ეფექტურად ტერორისგან“, ​​​​​​​​​​​​​​​​- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი