ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია გამოცხადდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია გამოცხადდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უწყებაში რეორგანიზაცია გამოაცხადა. რეორგანიზაციას მინისტრის 24 ივლისით დათარიღებული ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში უკვე შევიდა.

ბრძანების თანახმად, რომელიც საქართველოს პირველმა არხმა მოიპოვა: „სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სისტემური და ეფექტური მმართველობის, ფუნქციონალური მოქნილობის ამაღლებისა და სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესებზე შესაბამისი სამსახურების ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში გამოცხადდეს რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს შტატების შემცირება და სტრუქტურული ცვლილებები.“

დოკუმენტის მიხედვით, რეორგანიზაციის პროცესზე პასუხისმგებელ პირებად განისაზღვრნენ მინისტრის პირველი მოადგილე და მინისტრის მოადგილეები, ხოლო ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობაზე მონიტორინგი დაევალა მინისტრის თანაშემწეს თინათინ ხარძიანს.

„პასუხისმგებელმა პირებმა ბრძანების ძალაში შესვლიდან 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეიმუშაონ წინადადებები სამინისტროს ცენტრალური აპარატის ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირების, შტატების ოპტიმალური რაოდენობისა და მათი გადანაწილების შესახებ; წინადადებების მინისტრთან შეთანხმების შემდეგ კი, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყონ სამინისტროს ახალი სტრუქტურის, დებულების, საშტატო ნუსხისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტების წარდგენა; ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამი თვისა, უზრუნველყონ რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამასთან, დაევალოს სამინისტროს ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს უზრუნველყოს: ამ ბრძანების სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის გაცნობა და/ან საჯაროდ გამოცხადება;

ასევე სამინისტროს თითოეული მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის გაფრთხილება კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების გამო, მათი თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე“, – აღნიშნულია ბრძანებაში.