მიხეილ სარჯველაძე - პრემიერისგან მიღებული მაქვს ინსტრუქცია, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ სამედიცინო საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით
მიხეილ სარჯველაძე - პრემიერისგან მიღებული მაქვს ინსტრუქცია, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ სამედიცინო საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით

პრემიერისგან მიღებული მაქვს ინსტრუქცია, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ სამედიცინო საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, კონკრეტულ გეგმებზე სასაუბროდ დასჭირდება გარკვეული დრო, რათა გაეცნოს სამინისტროში არსებულ მდგომარეობას.

„უახლოეს მომავალში შემეძლება კონკრეტული პასუხების გაცემა და კონკრეტული ინფორმაციის მოწოდება, თუ როგორია სამომავლო ხედვა ცალკეული საკითხების, ცალკეული პრობლემების გადაჭრისა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე, როგორ განვითარდება მოვლენები რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, მინისტრმა აღნიშნა: „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის ჩართულობით გარკვეული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომელთა აღსრულების პროცესს, ბუნებრივია, მივსდევთ და, შესაბამისად, ეს იქნება ალბათ სამომავლოდაც განმსაზღვრელი“.

მისივე თქმით, საქართველოში კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელთან, ე.წ. დიარჯი სისტემასთან დაკავშირებით აუცილებელი იქნება დარგთან აქტიური კონსულტაცია.

„სამედიცინო საზოგადოების ყველა მოსაზრებას მოვუსმენთ და ამის მიხედვით შეირჩევა საუკეთესო მოდელი, რომელიც წაადგება ქვეყანას, თითოეულ პაციენტს. აქ მთავარი განმსაზღვრელია პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაცვა. ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მინისტრმა.