ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ „კაგებეს“ ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილი ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა
„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილმა შეწყალების თხოვნით „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „რესი“ ავრცელებს. როგორც ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების დროს ვაჟა გაფრინდაშვილი სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, პატიმრობაში ყოფნის დროს კი წესებს იცავდა.
„განაჩენის გამოტანის შემდეგ გაფრინდაშვილმა შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართა. ეს კი დანაშაულის აღიარების და სინანულის მტკიცებულებაა“, – აღნიშნულია ე.წ. განცხადებაში.
ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომ გაფრინდაშვილი პირველად იყო დაკავებული და ე.წ. რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია, ე.წ. პრეზიდენტმა გაფრინდაშვილის გათავისუფლების და „საქართველოსთვის მისი გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო“.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა. მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 20 დეკემბერს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.