ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტთა რაოდენობა 1800-ს აღემატება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტთა რაოდენობა იზრდება. ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში აღრიცხვაზე მყოფთა მაჩვენებელი 1800-ს აღემატება, – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „ოსინფორმი“ ავრცელებს.
დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის გიორგი ტოტჩიევის განმარტებით, პატარა რეგიონისთვის ასეთი მაღალი მაჩვენებელი, შემაშფოთებელია.
„დღეს პაციენტები, ამბულატორიულ მკურნალობას ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში გადიან, რომლის გაფართოებასაც ვგეგმავთ. მაგრამ სტაციონარული მკურნალობისთვის, ჩვენ პაციენტების გადაყვანა ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზში გვიწევს, რადგან სფიქიატრიული საავადმყოფო არ გვაქვს. პაციენტების ნაწილი ცხინვალის ქუჩებშიც კი დასეირნობს, თავისუფლად“, – აცხადებს ტოტჩიევი.
მისი ინფორმაციით, ახალი წლის დაწყებიდან დღემდე, 2018 წელს, უკვე 5 პაციენტია გადაყვანილი ვლადიკავკაზში, დე ფაქტო ძალოვანი უწყების დახმარებით.