ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტი - ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა, როგორც სამხედრო ექიმი.
საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიდამოებში დააკავეს.
„არსებული მონაცემებით, ის საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანია, რომელიც როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში“, – ნათქვამია ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახურის განცხადებაში.
საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, 9 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილი ჩავიდა სოფელ საკორინთლოში, რის შემდეგაც, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გადავიდა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ ე.წ. საზღვრის „უკანონო გადაკვეთის“ გახშირებული შემთხვევები სოფელ წნელისთან საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიციის პოსტის დადგმას უკავშირდება და „ერთი ჰიბრიდული ოპერაციის ელემენტებს“ წარმოადგენს.
„აღნიშნული მიზეზით ვ. გაფრინდაშვილისა დ მისი კურატორების პროვოკაციულ ქმედებებზე სამხრეთ ოსეთის პასუხი იქნება მხოლოდ სამართლებრივი და მიმართული დაძაბულობის რეციდივისა და ესკალაციის დაუშვებლობისკენ. ასევე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისკენ“, – ნათქვამია სეპარატისტული რეჟიმის განცხადებაში.