ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო დეპუტატებმა ე.წ. გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს
ოკუპირებული ცხინვალის 22-მა დე ფაქტო დეპუტატმა ე.წ. პრეზიდენტს „გენერალური პროკურორის“, ურუზმაგ ჯაგაევის თანამდებობიდან გადაყენების თხოვნით მიმართა.
მათი მხრიდან აღნიშნული მოთხოვნის მიზეზად უწყების მხრიდან არასაკმარისი ზედამხედველობა სახელდება, რასაც წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრის გარდაცვალება მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. პარლამენტის საგანგებო სესია სწორედ გენერალური პროკურორის გადაყენების საკითხთან დაკავშირებით გაიმართა.
30 წლის ინალ ჯაბიევი სამართალდამცველებმა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით 24 აგვისტოს დააკავეს. 28 აგვისტოს პატიმარი უგონო მდგომარეობაში, სხეულზე მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.