ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ სასაზღვრო სფეროში სამართალდარღვევათა პროფილაქტიკისთვის რუსეთთან ერთად ღონისძიებებს გეგმავენ
ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 28 დაკავებულის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სააგენტო „რესის“ ცნობით, აღნიშნული პირების დაკავება 24 მაისს განხორციელდა.
სეპარატისტულმა რეჟიმმა 12 პირი ე.წ.სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გამო, ხოლო 16 – სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის დააკავა. საბოლოო ჯამში, დაკავებულებიდან 15 პირი დააჯარიმეს, სამს კი, ოკუპირებული ტერიტორია დაატოვებინეს. ათ მათგანს გაფრთხილება გამოუცხადეს.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახური „კოვიდ-19“-ის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დასახლებული პუნქტების მცხოვრებლებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ ამცნონ სამართალდამცველ ორგანოებს მათ მიერ გამოვლენილი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი პირების შესახებ და არ შევიდნენ მათთან კონტაქტში.
სააგენტო „რესი“ ასევე იუწყება, რომ ივლისში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო უწყება რუსეთთან ერთად ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს, რომელიც სასაზღვრო სფეროში სამართალდარღვევის ფაქტების პროფილაქტიკაზე იქნება მიმართული.