ოკეანეში არის „დაკარგული ქალაქი“, რომლის მსგავსიც დედამიწაზე სხვაგან არსად გვხვდება — #1tvმეცნიერება
შუაატლანტიკური ქედის დასავლეთით არსებული წყალქვეშა მთის მწვერვალის სიახლოვეს, სიბნელიდან ამომართულია წვეტიანი კოშკების პეიზაჟი.
კარბონატული კედლები და სვეტები მათ შესასწავლად გაშვებული დისტანციურად მართვადი აპარატის სინათლის ფონზე მოცისფროდ ჩანს.
მთის სიმაღლე სოკოს ზომიდან 60 მეტრის მონოლითებამდე მერყეობს. მეცნიერები მას დაკარგულ ქალაქს უწოდებენ.
ეს ადგილი მკვლევრებმა 2000 წელს აღმოაჩინეს და ჰიდროთერმული ველის დაკარგული ქალაქი უწოდეს. მდებარეობს ოკეანის ზედაპირიდან 700 მეტრის სიღრმეზე და წარმოადგენს ამ დროისათვის ჩვენთვის ცნობილ ყველაზე ხანგრძლივ ხვრელურ გარემოს, მისი მსგავსი ჯერ არაფერია აღმოჩენილი.
ის 120 000 წლის ან უფრო დიდი ხნისაა; ამ ნაწილში ამოწეული მანტია რეაქციაში შედის წყალთან და ოკეანეში უშვებს წყალბადს, მეთანს და სხვა აირებს.
ველის ხვრელების ნაპრალებსა და ნაბზარებში, ნახშირწყალბადები ახალ მიკრობულ სისტემას კვებავენ, ისე, რომ იქ ჟანგბადი საერთოდ არ არის.
ეს „საკვამურები“ 40 გრადუსამდე ტემპერატურის აირებს აფრქვევენ და წარმოადგენს სახლს მრავალი ლოკოკინასა და კიბოსნაირისთვის. იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება უფრო დიდი ორგანიზმები, მაგალითად, კიბორჩხალები, კრევეტები, ზღვის ზღარბები და გველთევზები.
მიუხედავად ექსტრემალური გარემოსი, იქ სიცოცხლე ყვავის და მკვლევართა აზრით, ღირს, რომ ყურადღება მივაქციოთ და დავიცვათ.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ჰიდროთერმული ველები მსოფლიოს ოკეანეებში სავარაუდოდ ყველგან არსებობს, მხოლოდ ასეთ დისტანციურად მართვად აპარატებს შეუძლია მათი პოვნა.
დაკარგული ქალაქის ხვრელების მიერ წარმოქმნილი ნახშირწყალბადები ატმოსფერული ნახშირორჟანგის ან მზის სინათლის მიერ კი არ არის წარმოებული, არამედ ზღვის ღრმა ფსკერზე მიმდინარე ქიმიურ რეაქციათა მიერ.
გამომდინარე იქიდან, რომ ნახშირწყალბადები სიცოცხლის საშენი მასალაა, არის იმის შესაძლებლობა, რომ სიცოცხლე სწორედ ასეთ ჰაბიტატში აღმოცენდა. თანაც, არა მხოლოდ ჩვენს პლანეტაზე.
„ეს გახლავთ მაგალითი ეკოსისტემის ტიპისა, რომელიც შეიძლება ამწუთასაც აქტიური იყოს ენცელადსა და ევროპაზე. შეიძლება წარსულში მარსზეც“, — ამბობს მიკრობიოლოგი უილიამ ბრაცელტონი და გულისხმობს სატურნისა და იუპიტერის ბუნებრივ თანამგზავრებს.
წყალქვეშა ვულკანური ხვრელების, სახელად „შავი მწეველებისგან“ განსხვავებით, რომლებიც ასევე მიიჩნევა შესაძლო პირველ ჰაბიტატად, დაკარგული ქალაქის ეკოსისტემა მაგმის სითბოზე არ არის დამოკიდებული.
შავი მწეველები ძირითადად გამოყოფენ რკინას და გოგირდით მდიდარ მინერალებს, დაკარგული ქალაქის „საკვამურები“ კი 100-ჯერ უფრო მეტ წყალბადსა და მეთანს.
ამას გარდა, შავ მწეველებზე გაცილებით დიდია დაკარგული ქალაქის კალციტური ხვრელები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში იყო აქტიური.
მონოლითებს შორის ყველაზე მაღალს პოსეიდონს უწოდებენ, ბერძნულ მითოლოგიაში ზღვის ღმერთის სახელს. მისი სიმაღლე 60 მეტრზე მეტია.
ამ კოშკის ჩრდილო-აღმოსავლეთით არის კლდის ნაპირი, რომელსაც ხანმოკლე აქტივობები ახასიათებს. სამწუხაროდ, მეცნიერების გარდა, ამ უჩვეულო რელიეფით სხვებიც არიან დაინტერესებული.
2018 წელს, პოლონეთმა დაკარგული ქალაქის გარშემო მოპოვებითი საქმიანობის უფლება მიიღო. ეს ზონა რაიმე ძვირფასი რესურსებით არ გამოირჩევა და მის განადგურებას შეიძლება არასასურველი შედეგები მოჰყვეს.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მოპოვებითი საქმიანობის შედეგად წარმოქმნილმა ნებისმიერმა ჭავლმა შეიძლება ადვილად გადარეცხოს ეს გამორჩეული ჰაბიტატი.
ამიტომ, ზოგიერთი ექსპერტი გამოდის მოწოდებით, რომ დაკარგული ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდეს, რათა იქ არსებული ბუნების საოცრებები იქამდე დავიცვათ, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება.
უკვე ათობით ათასი წელიწადია, დაკარგული ქალაქი მტკიცედ დგას, როგორც სიცოცხლის მტკიცე ძალის დასტური.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.