იტალიის მიგრაციული პოლიტიკის გაკრიტიკების გამო, ოფიციალური რომი საფრანგეთის პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ელოდება. ამის შესახებ იტალიის ვიცე-პრემიერმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.
„ჩვენ ბოდიშს ველით. ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ახალი გზის დაწყება. ჯერ კიდევ არის დრო ნაბიჯის უკან გადასადგმელად. ბოდიში, ამის შემდეგ დაიწყება ყველაფერი თავიდან“ – აღნიშნა დი მაიომ რადიოინტერვიუში.
მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიგრანტების გემის, Aquarius-ისთვის პორტების დახურვით, იტალიის მთავრობამ „ცინიკურად და უპასუხისმგებლოდ“ იმოქმედა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე 15 ივნისს, ემანუელ მაკრონთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებას არ გამორიცხავს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაკრონმა კონტეს ტელეფონით დაურეკა.