ოფიციალური რომი საფრანგეთის პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ელოდება

12:06, 14.06.2018

იტალიის მიგრაციული პოლიტიკის გაკრიტიკების გამო, ოფიციალური რომი საფრანგეთის პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ელოდება. ამის შესახებ იტალიის ვიცე-პრემიერმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.

„ჩვენ ბოდიშს ველით. ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ახალი გზის დაწყება. ჯერ კიდევ არის დრო ნაბიჯის უკან გადასადგმელად. ბოდიში, ამის შემდეგ დაიწყება ყველაფერი თავიდან“ – აღნიშნა დი მაიომ რადიოინტერვიუში.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიგრანტების გემის,  Aquarius-ისთვის პორტების დახურვით, იტალიის მთავრობამ „ცინიკურად და უპასუხისმგებლოდ“ იმოქმედა.

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე 15 ივნისს, ემანუელ მაკრონთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებას არ გამორიცხავს.

გავრცელებული ინფორმაციით, მაკრონმა კონტეს ტელეფონით დაურეკა.

მსგავსი