ოფიციალური ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ერთი პირი დაესხა თავს
აფხაზეთის ომის ვეტერანზე, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე, გრიგოლ გუგეშაშვილზე თავდასხმა ერთმა პირმა განახორციელა. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
გუგეშაშვილების ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, პოლიცია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
ადგილზე შეკრებილი არიან გუგეშაშვილის ახლობლები, რომლებიც, ასევე, მედიასთან მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ.
„დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა.
გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში“, – აცხადებენ შსს-ში.
ასევე, შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.