„ოდირმა“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პირველი ეტაპის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
„ოდირმა“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პირველი ეტაპის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მონიტორებმა დააფიქსირეს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან კითხვების რაოდენობისა და შინაარსის, კითხვების დასმის პროცედურისა და გასაუბრებების ხანგრძლივობის მხრივ, – ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პირველი ეტაპის შესახებ „ოდირის“ ანგარიშშია აღნიშნული.

2019 წლის აპრილში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა მიმოიხილა ცვლილებების პროექტი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას ეხებოდა. 17 აპრილს გამოქვეყნდა საქართველოს სახალხო დამცველის თხოვნის საფუძველზე მომზადებული სამართლებრივი დასკვნა, რომელშიც შეფასებული იყო ცვლილებების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და ეუთო-ს ვალდებულებებთან და აღინიშნა რამდენიმე ხარვეზი. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი საქართველოში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაძლიერებისთვის, სახალხო დამცველის შემდგომი თხოვნის პასუხად „ოდირი“ აწარმოებს პროცესის მონიტორინგს. მონიტორინგის ჯგუფმა საქმიანობა 29 ივნისს დაიწყო. დაკვირვების ობიექტი იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრებები ყველა კანდიდატთან და ამ თემასთან დაკავშირებული საბჭოს სხდომები.

ანგარიშში განმარტებულია, რომ ბოლოდროინდელი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა 16-დან არანაკლებ 28-მდე გაიზარდა, განსაზღვრული ვადით დანიშვნა შეიცვალა უვადო დანიშვნით და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიენიჭა პარლამენტისთვის კანდიდატთა წარდგენის უფლებამოსილება. 2019 წლის პირველ მაისს კი, მიღებული იქნა ახალი პროცესის რეგულირებისთვის საჭირო ცვლილებები. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა განიხილა ცვლილებების პროექტი და მოამზადა დასკვნა მათი საერთაშორისო სტანდარტებთან და ეუთო-ს ვალდებულებებთან შესაბამისობის თაობაზე.

„2019 წლის „ოდირის“ სამართლებრივი დასკვნა მიესალმება ღია დანიშვნის წესის პროცედურის შემოღებას და პარლამენტის ძალისხმევას გაწეროს შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების დებულება, არსებული უფსკრულის აღმოსაფხვრელად. თუმცა, აგრეთვე დაფიქსირდა რამდენიმე არსებითი ხარვეზი, მათ შორის გამჭვირვალობის გარანტიების ნაკლებობა, რომლების უარყოფითად აისახებოდა დამსახურების მიხედვით კანდიდატების წარდგენის პრინციპზე. ცვლილებების ძალაში შესვლამდე რამდენიმე რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, თუმცა რიგი ხარვეზებისა დარჩა უცვლელი.

ბოლოდროინდელი ცვლილების შემოღებამდე პრეზიდენტს გააჩნდა უფლებამოსილება პარლამენტისთვის წარედგინა კანდიდატები დასამტკიდებლად და საკანონმდებლო ჩარჩო არ ითვალისწინებდა ღია შერჩევის პროცედურას. ნომინირების ახალი პროცესის მიხედვით, კანონის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ღია წესით ატარებს კანდიდატთა პირველად შერჩევას, ადგენს განმცხადებლების შესაბამისობას მინიმალურ მოთხოვნებთან, ფარული კენჭისყრით ადგენს კანდიდატთა მოკლე სიას, ამოწმებს მოწოდებული მონაცემების სიზუსტეს და კანდიდატებთან სათითაოდ ატარებს საჯარო გასაუბრებას. ამის შემდეგ საბჭოს წევრები აფასებენ კანდიდატებს და ახდენენ მათ რანგირებას ფარული კენჭისყრის მეშვეობით. უმაღლესი ქულების მქონე თითოეულ კანდიდატს ისევ ეყრება კენჭი ფარული კენჭისყრის გზით. პარლამენტს წარედგინება იმ კანდიდატთა სია, რომლებიც მიიღებენ სრული შემადგენლობის ხმათა არა ნაკლებ ორ მესამედს. ამის შემდეგ თითოეულ კანდიდატთან ხდება საჯარო გასაუბრება საპარლამენტო კომიტეტში. მოსამართლეებად ინიშნებიან კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ ხმათა უმრავლესობას პარლამენტში. ღია კონკურენტუნარიანი პროცესის წარდგენა, რაც საზოგადოების ყურადღებით დაკვირვების საშუალებას იძლევა წარმოადგენს საქებ ნაბიჯს საქართველოში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად და სასამართლო ორგანოს მიმართ სამოქალაქო ნდობის ჩამოყალიბებაში“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, შერჩევის პროცესის ტექნიკური მხარე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ზოგადად, კანონთან შესაბამისობაში უზრუნველყო. თუმცა „ოდირისმონიტორებმა დააფიქსირეს, რომ თავისი მოვალეობების შესრულებისას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აღინიშნებოდა მწვავე შიდა უთანხმოება და დაპირისპირება მოსამართლე წევრებსა და არამოსამართლე წევრების ორ ჯგუფს შორის.

„გარდა ამისა, მთელი პროცესის განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც მონიტორინგს აწარმოებდნენ სასამართლო ხელისუფლებისა და სასამართლო ხელისუფლების საზედამხედველო ორგანოს დამოუკიდებლობაზე“, – აცხადებს „ოდირი“.

ანგარიშის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს 20 მოსამართლის შესარჩევი პროცესი ღია იყო ყველა უფლებამოსილი მოქალაქისთვის, რომელშიც 144 განცმხადებელი მოანწილეობდა.

„კანონი არ ითვალისწინებს ინტერესთა კონფლიქტის დროს თვითაცილების მექანიზმის მკაფიო და ადეკვატურ რეგულირებას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა წევრმა უარი თქვა თვითაცილებაზე მიუხედავად განმცხადებლებთან ნათესაური კავშირებისა. იუსტიციის საბჭოს მდივანმა, რომელიც თავად იყო მოსამართლეობის კანდიდატი, მოახდინა თვითაცილება კანდიდათტა ნომინირების პროცესისას. თუმცა მასთან დაკავშირებით კვლავ რჩება კითხვები, რადგან არ დატოვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის და ადმინისტრაციული ხელმძღვანელის პოსტი. განმცხადებლების დიდმა უმრავლესობამ დააკმაყოფილა მინიმალური მოთხოვნები, თუმცა ხუთმა განმცხადებელმა ვერ გადალახა მინიმალური მოთხოვნების ეტაპი, მათგან ორმა შეიტანა საჩივარი, რომელიც არ დაკმაყოფილდა.

მოსამართლეობის კანდიდატთა წარდგენის პროცესზე საზოგადოების მეთვალყურეობა ინტენსიური გახლდათ იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში უვადოდ განწესების პრინციპით ინიშნებოდა მოსამართლეთა დიდი რაოდენობა და იუსტიციის საბჭოს ახალი უფლებამოსილებები გააჩნდა ამ პროცესში. თავდაპირველად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განმცხადებლების შესახებ მწირი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რამაც შეზღუდა საზოგადოების მხრიდან კანდიდატების შეფასების შესაძლებლობა. როგორც „ოდირმა“ აღნიშნა, თავის 2019 წლის დასკვნაში, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გამჭვირვალობის საკმარის გარანტიებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ მოეთხოვებოდა კანდიდატთა მოკლე სიაში შეყვანის თაობაზე და ფარული კენჭისყრით კანდიდატთა წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების რაიმე სახით დასაბუთება ან განმარტების მიცემა იმის დასადასტურებლად, რომ ეს გადაწყვეტილებები მართლაც კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების საფუძველზე იყო მიღებული. იუსტიციის უმაღლეს საბჭომ არ შეიმუშავა განმცხადებელთა კვალიფიკაციის შეფასებისა და მოკლე სიაში შესაყვანი ფარული კენჭისყრის პროცედურა. საბჭოს წევრებს ხუთი დღე ჰქონდათ მათ წინაშე წარდგენილი კანდიდატების შესაფასებლად“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ოდირი“ აღნიშნავს, რომ შემოკლებულ სიაში შეყვანილ განმხცადებელთა საშუალო ასაკი და გამოცდილება საშუალოდ ორი წლით ნაკლები იყო ყველა განმცხადებლის საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო შერჩეული კანდიდატებიდან – როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე კანდიდატებიდან, ზოგიერთ მათგანს ბევრად ნაკლები სამუშაო გამოცდილება ჰქონდათ, ვიდრე ზოგიერთ კანდიდატს, რომლებმაც ვერ გადალახეს აღნიშნული ეტაპი.

„შემოკლებულ სიის თაობაზე კენჭისყრის ჩატარების შემდეგ, სახალხო დამცველმა გააკეთა განცხადებები, სადაც ის სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამდა მის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლენილი კენჭისყრის პრაქტიკის შესახებ. გარდა ამისა, სახალხო დამცველი გამოთქვამდა ეჭვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობა შეთანხმდა ხმათა ისეთ განაწილებაზე, რომ შემოკლებულ სიაში შეეყვანათ 45 კონკრეტული განმცხადებელი. ამ ეჭვმა, რასაც რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაც დაეთანხმა, კიდევ უფრო შეამცირა ნდობა მოსამართლეთა შერჩევის პროცესისადმი“, – მითითებულია ანგარიშში.

ანაგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამდივნომ ინფორმაცია მოიძია სიაში შეყვანილ ყველა კანდიდატთან დაკავშირებით და მიუხედავად „ოდირის“ 2019 წლის დასკვნაში მითითებული რეკომენდაციისა, მონაცემთა გადამოწმების პროცედურის მკაფიოდ გაწერის შესახებ, ინფორმაციის გადამოწმება ჩატარდა საკმარისი დაზუსტების გარეშე. ასევე არ იყო დაცული მეთოდოლოგიისა და პროცედურის გამჭვირვალობა.

„კანდიდატებთან გასაუბრება ღია იყო საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების მონიტორებისთვის და ზოგადად გამჭვირვალედ წარიმართა, მაგრამ საჯარო სხდომების შესახებ წინასწარი შეტყობინების გამოქვეყნება მცირე ხნით ადრე მოხდა. აგრეთვე გასაუბრებისთვის განკუთვნილი სივრცის ტევადობა პროცესზე დაკვირვებისა და ანგარიშგების მაღალ ინტერესის შეუსაბამო იყო“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, დასკვნაში მითითებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემდა მოსმენების მიმდინარეობას სოციალურ მედიაში, ხოლო გასაუბრების აუდიო ჩანაწერები ქვეყნდებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

„საბჭოს არ მიუღია გასაუბრების ჩატარების პროცედურული წესები ან გასაუბრების დროს ქცევის წესები, რათა უზრუნველყოფილიყო პროცესის სამართლიანობა და მოწესრიგებულობა. ამან კი განაპირობა კანდიდატების მიმართ არათანაბარი მოპყრობა, კიდევ უფრო შემცირდა გამჭვირვალობა და გასაუბრებები წარიმართა ფრიად არაორგანიზებულად. გარდა ამისა, „ოდირისმონიტორებმა დააფიქსირეს პროცესის განმავლობაში იუსტიციის საბჭოს შიდა დაპირისპირება, რაც ხშირად გამოიხატებოდა მტრული კომენტარებითა და გასაუბრების მიმდინარეობისას მწვავე კამათით. ყოველივე ეს ქმნიდა არაპროფესიულ გარემოს.

ოდირისმონიტორებმა დააფიქსირეს, რომ გასაუბრებები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან კითხვების რაოდენობისა და შინაარსის, კითხვების დასმის პროცედურისა და გასაუბრებების ხანგრძლივობის მხრივ, რაც ეწინააღმდეგება თანაბარი მოპყრობის პრინციპს. მართალია, მთლიანობაში, დასმული კითხვები მოიცავდა კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების შეფასებისთვის საჭირო საკითხებს, „ოდირის“ დამკვირვებლებმა დააფიქსირეს მნიშვნელოვანი განსხვავება კანდიდატებისთვის კითხვების დასმისა და მათ მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით. ზოგჯერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები სხვადასხვა მეთოდით მიანიშნებდნენ თავიანთი მხრიდან კანდიდატის მხარდაჭერას ან პირიქით – წინააღმდეგობას. მიუხედავად ამისა, იუსტიციის საბჭოს შერეულმა შემადგენლობამ, მოსამართლე და არამოსამართლე წევრებისა, დადებითად იმოქმედა გასაუბრების პროცესის შინაარსობრივ მხარეზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

შეფასებაში აღნიშნულია, რომ ნაცვლად ყოველი გასაუბრების შემდეგ რანგირებისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ფარული წესით, სათითაოდ ქულებით შეაფასეს კანდიდატები, მას შემდეგ რაც  ყველა კანდიდატთან გასაუბრება დასრულდა.

„თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ნაერთი ქულა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 3 სექტემბერს, გასაუბრებების დასრულებიდან თითქმის სამი კვირის შემდეგ. 4 სექტემბერს ფარული კენჭისყრის გზით ნომინირებული 20 კანდიდატი არ წარმოადგენდა იმ კანდიდატთა 20 კაციან სიას, რომელთაც მიღებული ჰქონდათ უმაღლესი შეფასება. კერძოდ, შერჩეულ 20 კანდიდატს შორის არ აღმოჩნდა სიაში ყველაზე მაღალი ქულების მქონე 5 კანდიდატი“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ იუსტიციის საბჭოს არ მოეთხოვება დასაბუთებული ახსნა-განმარტების წარდგენა შემოკლებულ სიაში კანდიდატთა შეყვანის, მათი რანგირებისა და შერჩეული 20 კანდიდატის სიის პარლამენტში წარდგენის თაობაზე. ეს კი, მნიშვნელოვნად უშლის ხელს გასაჩივრების შესაძლებლობას. გარდა ამისა, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ქმედებების და გადაწყვეტილებების ეფექტური გასაჩივრების საშუალებას. ამიტომ კანდიდატთა წარდგენის პროცესი მთლიანად მოექცა სასამართლო ხელისუფლების საზედამხედველო ორგანოს ხელში და გამორიცხა საერთო სასამართლო სისტემა, რაც ეწინააღმდეგება ეუთო-ს ვალდებულებებს და საერთაშორისო სტანდარტებს.

შემდგომ ეტაპზე, როდესაც პარლამენტი განიხილავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნომინანტებს, „ოდირის“ მონიტორები პროცესზე დაკვირვებას განაგძრობენ და საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებენ, სადაც ერთიანი პროცესი სრულად იქნება შეფასებული და აგრეთვე წარადგენენ რეკომენდაციებს.

ანგარიშში წარდგენილი შეფასების ფონზე კი, „ოდირი“ მოუწოდებს პარლამენტს, კრიტიკულად განიხილოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან პროცესი და გადადგას ნაბიჯები გამოვლენილი პროცედურული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესისადმი ნდობა და შედეგად საუკეთესო კანდიდატები დამსახურების საფუძველზე შეირჩნენ.