ობობებისა და გველებისადმი შიში ადამიანში თანდაყოლილია - ახალი კვლევა
ობობები, თავიანთ მსხვილი და ბუსუსიანი, თუნდაც წვრილი, შეუმჩნეველი რვა ფეხით, ხშირად ჩვენს აშკარა გაღიზიანებას იწვევენ; ზოგისთვის შემზარავია იმის წარმოდგენაც კი, როგორ დაცოცავენ ისინი მათ კანზე.
უკვე დიდი ხანია, მეცნიერებს შორის მიმდინარეობს კამათი — არაქნოფობია ჩვენში, როგორც სახეობაშია ჩადებულია თუ მას შემდეგ, ცხოვრებაში შევიძენთ. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მკვლევრებმა მიმართეს ყველაზე უმანკო და ნეიტრალურ არსებებს — ჩვილ ბავშვებს.
გერმანიის მაქს პლანკის ადამიანის ცნობიერებისა და ტვინის მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევრები, ექვსი თვის ბავშვებს რვაფეხიან ობობათა ფოტოებს აჩვენებდნენ, რათა განესაზღვრათ მათი თანდაყოლილი, უსწავლელი პასუხი არაქნიდების დანახვისას.
გარდა ობობათა ფოტოებისა, მშობლების კალთაში მჯდარ ბავშვებს ასევე აჩვენეს ყვავილების, გველებისა და თევზების ფოტოები.
ექსპერიმენტის დროს, თვალის ინფრაწითელმა მზომავმა დააფიქსირა ბავშვების თვალის გუგების გაფართოება, რაც მიუთითებდა „ბრძოლა ან ფრენის“ (ფსიქოლოგიური რეაქცია) ქიმიურ ნაერთ ნორეპინეფრინის დონეზე, შესაბამისად, საპასუხო სტრესის ზომაზე.
„როდესაც ჩვილ ბავშვებს ყვავილებისა და თევზების ფოტოების ნაცვლად გველებისა და ობობების იგივე ზომისა და ფერის ფოტოებს ვაჩვენებდით, მათი თვალის გუგები გაცილებით ფართოვდებოდა“, — ამბობს ვენის მაქს პლანკის ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი სტეფანი ჰოეჰლი.
„მუდმივი განათების პირობებში, თვალის გუგების ზომის ეს ცვლილება, თავის ტვინის ნორეპინეფრინული სისტემის აქტივაციის მნიშვნელოვანი სიგნალია, რაც პასუხია სტრესულ რეაქციაზე. შესაბამისად, როგორც ჩანს, ცხოველთა ეს ჯგუფი სტრესს აყენებს ჩვილ ბავშვებსაც კი“.
ობობების შემთხვევაში, თვალის გუგების საშუალო გაფართოება 0,14 მმ იყო, ყვავილების შემთხვევაში კი მხოლოდ 0,03 მმ.
სხვაობა ასე თვალშისაცემი არ ყოფილა გველებისა და თევზების შემთხვევაში, რისი მიზეზიც მკვლევართა აზრით ისაა, რომ ორივე ფოტოზე ასახული იყო ცხოველი და შესაბამისად, უფრო მსგავსი იყო საპასუხო რეაქცია.
თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, თვალის გუგების ყველაზე დიდ გაფართოებას იწვევდნენ ობობები და გველები, იმდენად მცირეწლოვან ბავშვებშიც კი, რომლებსაც არ შეიძლება სცდონოდათ, რომ ობობები სახიფათოა — რის გამოც უფროს ადამიანებს მათი ეშინიათ. რატომ?
„მივედით დასკვნამდე, რომ გველებისა და ობებებისადმი შიშს ევოლუციური წარმომავლობა აქვს“, — განმარტავს ჰოეჰლი.
„პრიმატების მსგავსად, ჩვენი ტვინის მექანიზმი გვაძლევს საშუალებას ობიექტის იდენტიფიცირება მოვახდინოთ „ობობად“ ან „გველად“ და მათზე გვქონდეს მყისიერი რეაქცია“.
რაც შეეხება ამგვარი ჰიპოთეტური მექანიზმის არსებობას, მკვლევრებმა გადაჭრით არ იციან, მაგრამ მათი აზრით, როგორღაც, უთვალავ თაობათა განმავლობაში, ჩვენს წინაპრებში გამომუშავდა თვისება, „რომელიც ადრეულ ადამიანურ ონტოგენეზში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და აადვილებს შიშის სწავლას წინაპართა საფრთხეების გამო“, — განმარტავს ჯგუფი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების თანამედროვე წესიდან გამომდინარე იშვიათად გვიწევს კონტაქტი სახიფათო გველებთნ ან ობობებთან, ჩვენი შორეული წინაპრები ასეთი იღბლიანები არ იყვნენ და სწორედ ამიტომ — ამ არსებებთან შეხვედრისას ჩვენში გამოწვეული შიში და ზიზღი სინამდვილეში უნდა იყოს გადარჩენის ინსტინქტის გადმონაშთი, რომელიც ადამიანთა წინაპრებს ჯერ კიდევ უძველეს ხანაში განუვითარდათ.
ასე რომ, შემდეგში, როდესაც მაცივრის უკან დამალულ რვაფეხიან ობობას დაინახავთ — დაძლიეთ შიში.
კვლევის შედეგები ჟურნალ Frontiers in Psychology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია cbs.mpg.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით