ობიექტების მიერ სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობაზე ჯარიმები წესდება 
ობიექტების მიერ სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობაზე ჯარიმები წესდება 

მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული ჯარიმები წესდება – შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.

ცვლილებების მიხედვით, სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის მიერ მესამე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით.

პროექტით, სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის მიერ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისთვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას, ობიექტში ფუნქციონირებადი და დაუზღვეველი კომერციული ობიექტების რაოდენობის 100 ლარზე ნამრავლის ოდენობით.

ამასთან, კანონპროექტით, ავტოგასამართი ან აირგასამართი სადგურის მფლობელის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას თითოეული დაუზღვეველი ობიექტის რაოდენობის – 1000 ლარზე ნამრავლის ოდენობით. ამას გარდა, პროექტით, 100 და მეტ ადგილიანი სასტუმროს/დასასვენებელი სახლის მფლობელის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს მფლობელის – 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება ჩადენილია განმეორებით, ეს ქმედება გამოიწვევს დაკისრებული სახდელის ორმაგი ოდენობით დაკისრებას. აღნიშნული ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.