კოტე სულამანიძე - თუ გარკვეული ობიექტები სავალდებულო დაზღვევას არ დაემორჩილებიან, მათ სანქციები დაეკისრებათ
კოტე სულამანიძე - თუ გარკვეული ობიექტები სავალდებულო დაზღვევას არ დაემორჩილებიან, მათ სანქციები დაეკისრებათ

იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული ობიექტები სავალდებულო დაზღვევას არ დაემორჩილებიან, მათ სანქციები დაეკისრებათ, – განაცხადა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის ხელმძღვანელმა კოტე სულამანიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„სანქციები ადმინისტრაციული ჯარიმის კუთხით არის, რაც საკანონმდებლო დონეზე უნდა დამტკიცდეს. თუ პოლისის შეძენა არ მოხდა, პირველ ჯერზე, სუბიექტი 1000 ლარით ჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა ყოველ ჯერზე 5 000 ლარია“, – განაცხადა სულამანიძემ.

მისი თქმით, სავალდებულო დაზღვევაში ჩაერთვება დაახლოებით 120 სასტუმრო, სადაც 100 და მეტი საწოლ–ადგილია, 220 რეგისტრირებული ბაზრობა და 1900 ავტო გასამართი სადგური, რომელთა 30%–ს მსგავსი ტიპის დაზღვევა ისედაც ნებაყოფლობით ჰქონდა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა იმ ობიექტების სპექტრის გაფართოება, რომელთა დაზღვევაც პირველი მარტიდან სავალდებულო ხდება, კოტე სულამანიძემ აღნიშნა, რომ სოციალურად მნიშვნელოვანი თემებიდან გამომდინარე, სამომავლოდ, ობიექტების წრის გაფართოება იგეგმება.

„მათ შორის, შესაძლოა, იყოს კინო–თეტრები, ბარები, კლუბები, რესტორნები, ავტო ბაზრობები, აგრარული ბაზრები და ა.შ. თანმიმდევრულად, ამ წრეს კიდევ უფრო გავამდიდრებთ“, – განაცხადა კოტე სულამანიძემ.