ნუკრი ქანთარია იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც, მისი აზრით, „ზოგადი განათლების“ კანონიდან სიტყვა ლიბერალური უნდა იყოს ამოღებული
პარლამენტის წევრი ნუკრი ქანთარია იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც, მისი აზრით, ზოგადი განათლების შესახებ კანონის მესამე მუხლიდან სიტყვა ლიბერალური უნდა იყოს ამოღებული.
როგორც ქანთარიამ პარლამენტის განათლების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თუ ლიბერალურს ლათინურიდან ვთარგმნით, ის ნიშნავს თავისუფლებას, თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბების შესახებ კი, კანონში ჩანაწერი ისედაც არსებობს.
„მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, თუ ლიბერალურს პირდაპირ ვთარგმნით ლათინურიდან, ის თავისუფლებას ნიშნავს. თავისუფლება ისედაც წერია, წერია თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება, თუმცა სამწუხაროდ, უკვე დღეს ლიბერალიზმი ეს არის კონკრეტული პოლიტიკური მიმართულება. მან მიიღო უამრავი განშტოება და უკონტროლობის ხასიათი – ნეოლიბერალიზმი; კონსერვატორული, სოციალური, კლასიკური ლიბერალიზმი. ეს დღეს აღარ არის აზროვნების თავისუფლება, ეს არის ინსტინქტების თავისუფლება, „რაც მე მინდა“, „რაც მე მსურს“. ეს უკვე არის პოლიტიკური ფილოსოფია“, – განაცხადა ქანთარიამ.
მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ კეთდება განსაკუთრებული აქცენტი სიტყვა ლიბერალურიზე.
„ჩვენ ვითხოვთ, ყველაფერი უფრო გასაგები იყოს. რაც დრო გადის, სიტყვა ლიბერალურს უფრო და უფრო ემატება მთარგმნელები და ავტორები. ზოგისთვის ეს სალანძღავი სიტყვაა, ზოგი ამ სიტყვას არის ამოფარებული. ამიტომ ვთქვით, რომ კანონპროექტში ჩაიწეროს სიტყვა თავისუფლება ყოველგვარი ლათინური ტერმინების გარეშე“, – აღნიშნა ქანთარიამ.
საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით, კანონიდან ამოღებული უნდა იყოს სიტყვა „ლიბერალური”. ცვლილებების ავტორები განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი და წევრი ნუკრი ქანთარია არიან. დღეს მოქმედი კანონის მე-3 მუხლი ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს. კანონპროექტში კი აღნიშნულია, რომ ამ მუხლით განსაზღვრული მიზნები „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება.
კერძოდ, მოქმედ კანონში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია „მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.
კანონპროექტის მიხედვით კი, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია: „ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისმცემელ და თავისუფალ პიროვნებად მოსწავლის ჩამოყალიბებისთვის საჭირო პირობების შექმნა; მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება; მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებისა და პატივისცემის განვითარება“.