ნუგზარ წიკლაური - 2016 წელს ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, საკუთარი პარტიიდან გაენაპირებინა სააკაშვილი, კარგად ვიცით, როგორ დასრულდა ეს გამოხდომა, ყველას გავაფრთხილებდი, ნუ ექნება ადგილი პარტიაში უხეშ ჩარევას
ნუგზარ წიკლაური - 2016 წელს ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, საკუთარი პარტიიდან გაენაპირებინა სააკაშვილი, კარგად ვიცით, როგორ დასრულდა ეს გამოხდომა, ყველას გავაფრთხილებდი, ნუ ექნება ადგილი პარტიაში უხეშ ჩარევას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, პარტიაში არჩევნები ამომრჩეველთა მაქსიმალური ჩართულობით უნდა ჩატარდეს.

თუმცა, წიკლაურის თქმით, არსებობს ასევე მოსაზრება, რომ არჩევნები გაიმართოს მხოლოდ ლოკალური ჯგუფების დონეზე. ნუგზარ წიკლაური კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თავად ფართო ჩართულობის მომხრეა.

„უმთავრესია, როგორი იქნება არჩევნები ჩართულობის თვალსაზრისით. არის მოსაზრება, რომ მხოლოდ და მხოლოდ ლოკალურმა ჯგუფებმა აირჩიონ, მაგალითად, მხოლოდ საკრებულოს წვერებმა, მხოლოდ პოლიტიკური საბჭოს წევრებმა და ასე შემდეგ. არის მეორე მოსაზრება და მე მხარს ვუჭერ ამ მოსაზრებას, რომ არჩევნები იყოს ძალიან ფართო, ჩვენი მომხრეების მაქსიმალური ჩართულობით და ის ლეგიტიმაცია, რომელზეც ხშირად ლაპარაკობენ ადამიანები, მიღწეული იყოს სწორედ ამ გზით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სხვადასხვა დროს ხმა მიუცია 700 ათას და 800 ათას ადამიანსაც. ვფიქრობ, ეს ადამიანები იმსახურებენ, თუ სურვილი აქვთ, თვითონ მოახდინონ ფორმულირება და კონსტრუირება გუნდის, რომელიც შემდგომ გაუძღვება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ამიტომ ფართო ჩართულობის მომხრე ვარ. ელექტრონული კენჭისყრაც უნდა იქნას გამოყენებული ყველაფერ ამაზე სასაუბროდ, ტექნიკური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია. აუცილებელია, ყველანი ერთად ვიყოთ და ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

წიკლაურის განმარტებით, არჩევნებთან დაკავშირებით პარტიაში თვეზე მეტია, მიმდინარეობს საუბარი და ეს იყო ნიკა მელიას ინიციატივა.

„კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ერთ თვეზე მეტია, პარტიაში მიმდინარეობს საუბარი, და ეს იყო ნიკა მელიას ინიციატივა, ახალი არჩევნები როდის, როგორ ჩავატაროთ, საერთოდ გვინდა თუ არა ამ არჩევნების ჩატარება. ამიტომ სრულიად გაუგებარი და აუხსნელი იყო ჩემთვის, რომ რაღაც ქონგურებზე შემოდგა ხალხი, თითქოსდა ახალ რამეს ამბობდა და სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა ამას. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, კონსოლიდირებული იყოს გადაწყვეტილება, რაც არჩევნებთან დაკავშირებით მივიღეთ. გუშინ რაც მოხდა, ცალკე ბრიფინგები რომ ჩატარდა, ამან არაფერი შეგვმატა, გარდა იმისა, რომ ქოცებს ამ თემაზე რაღაც უგერგილო ღლიცინის შესაძლებლობა მისცა. ეს არის უპასუხისმგებლობა და ასეთი რამ მგონი, არ უნდა განმეორდეს, ყველამ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებეით უნდა იყოს ერთიანი გადაწყვეტილება. არ მინდა, პატივისცემის გარეშე მოვეპყრა ჩვენს კოლეგებს, რომლებიც ჯერ არ გამოჩენილან „ნაციონალურ მოძრაობაში“. იმედია, დღეს, ხვალ ან როცა იქნება, გამოჩნდებიან და ეს უნდა იყოს ერთიანი გადაწყვეტილება. პარტიას ჰყავს თავისი სამდივნო, პოლიტიკური საბჭო, ეს არის ლეგიტიმური ორგანოები, რომლებმაც უნდა იმსჯელონ საბოლოო თარიღზე. ამიტომ ჩემთვის ძნელია ახლა კონკრეტულ თარიღზე საუბარი. სიმართლე გითხრათ, ჩემი პოზიცია იყო, რომ მაშინ, როცა ევროპარლამენტის ასეთი რეზოლუცია იგეგმებოდა, როდესაც პირდაპირ ვიცოდით, იქნებოდა საუბარი სახელმწიფოს მიტაცებაზე, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გადაყვანაზე, გვარამიასა და მედიის დევნაზე, უმჯობესი იყო, კონცენტრირებული ვყოფილიყავით ამ პრობლემატიკაზე და შემდეგ მომხდარიყო ყველანაირი არჩევნები, მაგრამ თუ იქნება სხვა მოსაზრებები, ეს მოსაზრებებიც იქნება ლეგიტიმური“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

რაც შეეხება ნუგზარ წიკლაურის იმ განცხადებას, სადაც წიკლაური აღნიშნავს: „სრულიად აუხსნელი და გაუგებარი იყო რაღაც პრიმიტიული პარტიზანობა, რომელიც ვიხილეთ ჩვენი მეგობრების მხრიდან“, – წიკლაურის თქმით, რეგიონული თავმჯდომარეებისთვის პარტიზანები არ უწოდებია. ამასთან ერთად, ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ აფრთხილებს ყველას, ნუ ექნება ადგილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ უხეშ ჩარევას.

„რეგიონულ თავჯდომარეებს კი არ ვუწოდე, ვუწოდე იმ ადამიანებს, რომლებიც ესწრებოდნენ აქ განხილვებს, არჩევნებთან დაკავშირებულ თემებზე, თვითონ უშუალო მონაწილეები იყვნენ, იცოდნენ, რომ პარტიაში ეს დისკუსია მიმდინარეობს, იცოდნენ, რომ ჩვენი სურვილი იყო, კონსოლიდირებულად გამოვსულიყავით და გამოგვეცხადებინა საერთო შეჯერებული პოზიცია და სრულიად მოულოდნელად მათ აირჩიეს ბრიფინგების ენით საუბარი. არ გააფრთხილეს არც პარტიის პრესსამსახური, არც არავის უთხრეს ამის შესახებ, თითქოსდა ვიღაც უშლიდა, ამ ადგილას ჩაეტარებინათ ბრიფინგი. ამიტომ დაემსგავსა ეს პარტიზანობას და სწორედ ამაზე იყო საუბარი. არ მინდა სპეკულაციები ამ თემაზე, თუმცა გავიხსენებდი ერთ მონაკვეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ბიოგრაფიიდან – ეს არის 2016 წელი, მაშინ პოლიტიკოსთა ერთმა ჯგუფმა, რომლებიც იყვნენ ჩვენი პარტიის წევრები, გადაწყვიტა, საკუთარი პარტიიდან გაენაპირებინა თვით მისი დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი. როგორ დასრულდა მათი ეს გამოხდომა, ყველამ კარგად ვიცით, მათ ვეღარ შეძლეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ადგილის პოვნა. ამიტომ გავაფრთხილებდი ყველას, რომ უხეშ ჩარევას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ნუ ექნება ადგილი. ეს არის ძალიან გახსნილი პარტია, ყველას შეუძლია თავისი მოსაზრების გამოთქმა და ნებისმიერი კულუარული, რაღაც ტიპის მოქმედებები იქნება აღქმული როგორც ამ კონკრეტულ დემოკრატიულ პროცესზე თავდასხმა“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუშინ საღამოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მზად არის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

მისივე თქმით, დეტალებზე, როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს არჩევნები, პარტია იმსჯელებს „მათ შორის იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებმაც გააკეთეს ნაჩქარევი განცხადება“.

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ითხოვენ, პარტიაში თავმჯდომარის ახალი არჩევნები ჩატარდეს.