ნიკა მელია - ვისაც, სადაც და როცა გნებავთ, მზად ვარ არჩევნებისთვის, პარტია იმსჯელებს, მათ შორის მათი მონაწილეობით, ვინც დღეს გააკეთა ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც შორსმიმავალი მიზნები აქვს
ნიკა მელია - ვისაც, სადაც და როცა გნებავთ, მზად ვარ არჩევნებისთვის, პარტია იმსჯელებს, მათ შორის მათი მონაწილეობით, ვინც დღეს გააკეთა ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც შორსმიმავალი მიზნები აქვს

ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როცა გნებავთ, მზად ვარ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დეტალებზე, როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს არჩევნები, პარტია იმსჯელებს მათ შორის იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებმაც დღეს გააკეთეს ნაჩქარევი განცხადება.

„ჩემი კოლეგების მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე არაფერი ახალი არ თქმულა, არაფერი ახალი არ მომისმენია, გარდა თავად განცხადების ფორმისა, რა ფორმითაც გაკეთდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პარტიაში ყოველდღიური, ინტენსიური შიდაპარტიული მსჯელობა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი, კონსოლიდირებული, პარტიული პოზიციების ჩამოსაყალიბებლად და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო საზოგადოების ინფორმირება, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებისა. თუ რა გახდა რეალური მიზეზები და მიზანი ამ საკითხის ასე ნაჩქარევად, განსაკუთრებით ამ ფორმით, ასე მოუმზადებლად გამოტანისა, ამას უახლოესი პერიოდი აუცილებლად მოჰფენს ნათელს. განსაკუთრებით დღეს, როცა ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გვესაუბრა ევროპარლამენტის განცხადებების თაობაზე პოლიტპატიმრებთან მიმართებაში, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიას. ზემოაღნიშნულ კონსულტაციებში, თვე-ნახევრის წინ გამოვედი პარტიაში ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე ინიციატივით, მათ შორის იმ ადამიანების თანდასწრებით, რომლებიც დილიდან საუბრობენ არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე, იმ ფორმით, რა ფორმითაც საუბრობენ. თანხმობა არჩევნების ჩატარების თაობაზე იყო ყველა ჯგუფის მხრიდან. ერთადერთი მსჯელობის საგანი რჩებოდა პირველ რიგში, როდის, როგორ, ანუ ფორმით უნდა ჩატარდეს. თუ ჩემთვის არის რაიმე კომფორტული, ეს არის არჩევნები, არჩევნებში მონაწილეობის მიღება, იქნება ეს გარე, თუ შიდა ტიპის არჩევნები. განსაკუთრებთ, როდესაც იგი არის უზრუნველყოფილი ათი ათასობით ამომრჩევლის თანამონაწილეობით. არჩევნები, სადაც შენ შესაძლებლობა გეძლევა, ესაუბრო საკუთარ ამომრჩეველს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბევრი საკითხი დაგროვდა, რაზეც მათთან მსურს საუბარი. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო საჯარო და ღია არჩევნების მომხრე და უკანასკნელი წლების განმავლობაში ბევრი ასეთი არჩევნები ჩატარებულა, მაგრამ მსურს, ყველამ იცოდეს, ვიყავი მზად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ვარ და ვიქნები, მით უფრო, როცა ძალიან ბევრი სიმართლის თაობაზე მაქვს სასაუბრო საკუთარი პარტიის ამომრჩეველთან. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების ფორმატში.

პატივისცემით, ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როცა გნებავთ, მზად ვარ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და განსაკუთრებით ეს იციან ჩემმა იმ კოლეგებმა, რომლებიც ამ პროცესში უკანასკნელი თვე-ნახევრის განმავლობაში პირადად მონაწილეობდნენ, მათ გარდა, სულ მცირე 500-600 ადამიანთან მაქვს ამ ყველაფერზე ნასაუბრები. დეტალების თაობაზე, როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, პარტია იმსჯელებს, მათ შორის იმ ადამიანების თანამონაწილეობით, ვინც დღეს, ჩემი ღრმა რწმენით, გააკეთეს ძალიან ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც, როგორც ჩანს, შორსმიმავალი მიზნები აქვს, რასაც უახლოეს მომავალში აუცილებლად ვიხილავთ. პირველ რიგში, მსურს, რაც შეიძლება სწრაფად, ოღონდ ეს უნდა იყოს ორგანიზებული, „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალი ათასი და ათიათასობით ამომრჩევლით უზრუნველყოფილი პროცესი, სადაც გვეყოლება კონკურენტი და იმედია, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება ადამიანი, ვინც ამის მოსურნე არის, მხოლოდ მივესალმები. ჩვენ ვისაუბრებთ სიმართლეზე და მხოლოდ სიმართლეზე, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების პირისპირ. მათ მიეცემათ გააზრებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს პარტიის და ქვეყნის განვითარებას“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ითხოვენ, პარტიაში თავმჯდომარის ახალი არჩევნები ჩატარდეს.