ირაკლი ნადირაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ვითხოვთ, პარტიაში ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები 
ირაკლი ნადირაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ვითხოვთ, პარტიაში ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები 

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ვითხოვთ, პარტიაში ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი მებრძოლი, ერთგული, პატრიოტი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, ახალი გეგმით იბრძოლონ ქვეყნის თავისუფლებისთვის.

„დღეს აქ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად. ჩვენ გვინდა, გავაჟღეროთ მოთხოვნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელების მიმართ. ვფიქრობთ, პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, ხელახლა აირიონ პოლიტიკური სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები.

ვფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი თავისი გულმხურვალე, მებრძოლი, ერთგული და პატრიოტი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, ახალი გეგმით, ბრძოლისუნარიანობით ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ამ საკითხთან მიმართებით ვიცი ჩემი ასობით კოლეგის აზრი და საჭიროა, ამ ადამიანებმა ღიად, საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი აზრი. თუ ჩვენ გვინდა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, ამ ქვეყნის თავისუფლება, ოლიგარქიის დამარცხება, უნდა ვიბრძოლოთ ახალი ძალებით, ახალი ენერგიითა და ახალი ენთუზიაზმით. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე და პარტია აუცილებლად გაძლიერდება“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.