ნონა გაფრინდაშვილი - ქომაგებისთვის ვთამაშობდი და ისინიც ყოველთვის სიყვარულით მპასუხობდნენ

მსოფლიოში უამრავი ლეგენდაა. ზოგი ათასწლეულებს ითვლის, ზოგი ათწლეულებს… გასული საუკუნის 60-70-იან წლებში შეიქმნა ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილზე.

ზუგდიდში დაბადებულმა ქართველმა მოჭადრაკემ მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინი ხუთჯერ დაიდგა – 1962, 1965, 1969, 1972 და 1975 წლებში. ჭადრაკის დედოფალიც სამართლიანად შეერქვა, ხოლო გულშემატკივარმა როგორ შეიყვარა, ამის ნათელსაყოფად მხოლოდ კლავიატურაზე აკრეფილი ტექსტი არ კმარა – გთავაზობთ პირველი არხის ფონდში დაცულ ვიდეოს, რომელშიც ნონა გაფრინდაშვილის საქართველოში დაბრუნებაა დაფიქსირებული. 

სხვათა შორის, მატარებლით მგზავრობა „ჭადრაკის დედოფალმა“ ჟურნალისტ ვაჟა დანელიასთან საუბრისას დეტალურად გაიხსენა:

„მოსკოვიდან მატარებლით წამოვედით. ლესელიძიდან მოყოლებული, მატარებელი ყველა სადგურზე დიდხანს ჩერდებოდა, რადგან ყველგან ზღვა ხალხი გვხვდებოდა. ჩემს კუპეში სუფრა არ აშლილა, ისე ჩამოვედით თბილისში. რკინიგზის სადგურზე ტევა არ იყო. მამაჩემმა იმ ჭეჭყვაში ცალი ფეხსაცმელი დაკარგა.

შინ დიდი სუფრა გაეშალათ, მაგრამ არაფრის თავი არ მქონდა, ისე ვიყავი დაღლილი. პირველ სადღეგრძელოს მაინც დაველოდე – მამაჩემმა მოლოცვის ნაცვლად გამაფრთხილა, ჩემპიონობა თავში არ აგივარდესო. მერე იყო ფანტასტიკური შეხვედრა ოპერის თეატში. ამის დავიწყება შეუძლებელია.“

როგორ მიაღწია ასეთ აღიარებას? როგორ მოახერხა ათწლეულების განმავლობაში საჩემპიონო მწვერვალზე დარჩენა? ამ შეკითხვებზე დიდ ჩემპიონს მოკლე პასუხი აქვს:

ჭადრაკმა შექმნა ნონა გაფრინდაშვილი. ჩემი უდიდესი ჯილდო და დოვლათი ხალხის სიყვარულია. ქომაგებისთვის ვთამაშობდი და ისინიც ყოველთვის სიყვარულით მპასუხობდნენ და არა მარტო საქართველოში.

ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: ბელგრადში საერთაშორისო ტურნირზე ქართველებიც მიგვიწვიეს. დასვენების დღეს ქალაქის ქუჩებში გავისეირნეთ, მაღაზიებში სუვენირებიც შევიძინეთ, მერე გოგოებს შევთავაზე, ბელგრადის ცენტრში ერთ-ერთი პატარა სასტუმროს მყუდრო რესტორანში წავიხემსოთ და ყავა დავლიოთ-მეთქი. უწინ ტურნირებისას ამ სასტუმროში რამდენჯერმე მიცხოვრია. წამოსვლა რომ დავაპირეთ და ანგარიში მოვითხოვე, ოფიციანტმა რესტორნის მეორე კუთხეში სტუმრებთან ერთად მჯდარი სასტუმროს მეპატრონეზე მიმითითა – დღეს თქვენ მისი სტუმრები ბრძანდებითო. უდიდესი სიამაყე ვიგრძენი.“