ჭადრაკი | უნივერსიტეტებს შორის პირველი გუნდური ჩემპიონატი სპორტის უნივერსიტეტის გამარჯვებით დასრულდა #1TVSPORT
24-25 მაისს თბილისში, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ჭადრაკში უნივერსიტეტებს შორის საქართველოს პირველი გუნდური ჩემპიონატი გაიმართა.
ტურნირში ცამეტმა უნივერსიტეტმა (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა), ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მიიღო მონაწილეობა.
ჩემპიონატი ფიდე-ს წესებით, შვეიცარული სისტემით ჩატარდა.
ტურნირის გამარჯვებული საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „სპორტუნი“ გახდა, რომლის შემადგენლობაშიც ქართველი დიდოსტატი მერი არაბიძე ასპარეზობდა. „სპორტუნმა“ ტურნირი დაუმარცხებლად ჩაატარა და აბსოლუტური შედეგით დაეუფლა ჩემპიონის ტიტულს. მეორე ადგილზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი გავიდა, მესამე პოზიცია კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა დაიკავა.

გია გიორგაძე (ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი) – „ახალ ტურნირს ჩაეყარა საფუძველი და მინდა, მადლობა ვუთხრა საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომ გამოეხმაურა ჩემს იდეას, გამართულიყო პირველი გუნდური ჩემპიონატი უნივერსიტეტებს შორის.
პირველი ტურნირისთვის 13 უძლიერესი გუნდი შეიკრიბა, რაც ძალიან კარგი შედეგია. ორი დღის განმავლობაში დაძაბული ორთაბრძოლები გაიმართა. ვულოცავ სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს პირველი ტურნირის ჩემპიონობას. დარწმუნებული ვარ, მეორე ჩემპიონატში გაცილებით მეტი გუნდი ითამაშებს“.
მერი არაბიძე (გუნდ „სპორტუნის“ წევრი) – „კარგ ტურნირს ჩაეყარა საფუძველი, პირვლად ჩატარდა საქართველოს გუნდური ჩემპიონატი უნივერსიტეტებს შორის. ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა, ჩემპიონატში ბევრი ყოფილი მოჭადრაკე მონაწილეობდა და შეხვედრები დაძაბულად მიმდინარეობდა. ჩვენი გუნდი თავიდანვე ფავორიტად იყო მიჩნეული და მიხარია, რომ ეს სტატუსი გავამართლეთ. დარწუნებული ვარ მომავალ წელს ჩემპიონატში უფრო მეტი გუნდი ითამაშებს და საინტერესოდ წარიმართება“.