ნობელის პრემია ქიმიაში სამმა მეცნიერმა მიიღო - როგორია მათი დამსახურებები
ნობელის პრემია ქიმიაში სამმა მეცნიერმა მიიღო - როგორია მათი დამსახურებები

ნობელის პრემია ქიმიაში სამმა მეცნიერმა მიიღო. მათი კვლევები ევოლუციის გამოყენებით ახალი ფერმენტებისა და ანტისხეულების შექმნას ეხება.

ბრიტანელი მეცნიერი გრეგორი ვინტერი და ამერიკელები — ფრენსის არნოლდი და ჯორჯ სმიტი შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის მიერ გადაცემულ 9 მლნ შვედურ კრონს (1,01$) გაიყოფენ.

ჯილდოს ნახევარი ფრენსის არნოლდს გადაეცემა ფერმენტების ევოლუციის კვლევისათვის. ფერმენტები არის ცილები, რომლებიც ქიმიურ რეაქციებს აჩქარებენ. არნოლდმა ფერმენტებში შეიმუშავა გენეტიკური მუტაციები და შემდეგ მათ ეფექტებს დააკვირდა. ამის შემდეგ, გამოარჩია მუტაციები, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა. მაგალითად, ისეთები, რომლებიც ფერმენტებს გამხსნელში მოქმედების საშუალებას აძლევდა.

არნოლდის შრომამ შესაძლებელი გახადა ხმარებიდან ამოღებულიყო მრავალი ტოქსიკური კატალიზატორი და საფუძველი ჩაუყარა ფერმენტების განვითარებას თითქმის ყველა დარგში. მათ შორის არის ბიოსაწვავისა და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება.

პრიზის მეორე ნახევარი ვინტერს და სმიტს გადაეცემა პეპტიდებისა და ანტისხეულების ფაგების კვლევისათვის. ფაგი არის ვირუსი, რომელსაც შეუძლია ბაქტერიის დასნებოვნება. ამ გზით „მოტყუებული“ და დასნებოვნებული ბაქტერია ფაგს ხელახლა აწარმოებს. სმიტმა ფაგები გენური ინჟინერიით დაამუშავა — მათ გენურ მასალაში გენები ისე შეიყვანა, რომ ცილები, რომლებსაც ეს გენები წარმოქმნის, ფაგის დამცავი კაფსულის გარეთ მოთავსებულიყო. ეს მიდგომა იმას ნიშნავს, რომ მეცნიერებს გენური ინჟინერიის გზით შეუძლიათ გამოიყვანონ განსაკუთრებული სახის ცილების მატარებელი ფაგები. ამის მიზანი კი ის არის, რომ შეისწავლონ, როგორ ურთიერთქმედებს ეს ცილები კონკრეტულ სამიზნეებზე. ამ ტექნოლოგიით ვინტერმა შექმნა წამლები, რომლებმაც მედიცინა გარდაქმნა და გამოიყენება უამრავი დაავადების სამკურნალოდ.

ფრენსის არნოლდი მეხუთე ქალია, რომელმაც ქიმიაში ნობელის პრემია მიიღო. აქამდე ამ ჯილდოს მფლობელი ბოლო ქალი მეცნიერი ადა იონათი იყო, რომელმაც 2009 წელს ნობელის პრემია რიბოსომების სტრუქტურის განსაზღვრისთვის მიიღო. რიბოსომები უჯრედში არსებული ორგანოიდებია, რომლებიც ცილებს აწარმოებენ.

უკვე ცნობილია ლაურეატთა ვინაობა მედიცინასა და ფიზიკაშიც. მედიცინაში ეს ჯილდო ჯეიმს ელისონმა და ტასუკუ ჰონჯომ მიიღეს კიბოს იმუნოთერაპიის რევოლუციური მეთოდის შექმნისთვის. ფიზიკაში კი პრემია არტურ აშკინმა, ჟერარ მურუმ და დონა სტრიკლენდმა გაიყვეს ლაზერების ფიზიკაში შეტანილი ღვაწლისთვის.

5 ოქტომბერს ცნობილი გახდება მშვიდობის განმტკიცებაში ნობელის პრემიის ლაურეატის ვინაობა, 8 ოქტომბერს კი ეკონომიკაში. აღსანიშნავია, რომ სექსუალური ძალადობის სკანდალის გამო, წელს ნობელის პრემია არ გაიცემა ლიტერატურაში.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.