ნიუ-იორკში დაკავებული ავთანდილ ხურციძის საქმის არსებითი განხილვა ნოემბრის ბოლომდე უნდა დაიწყოს
ავთანდილ ხურციძის ნიუ-იორკში მცხოვრები მეგობრები სპორტსმენის სასამართლო პროცესის დანიშვნას ელოდებიან. პირველი არხი შერეული ორთაბრძოლების ქართველ მებრძოლს და ხურციძის მეგობარს, მერაბ დვალიშვილს დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ ხურციძის საქმეზე სასამართლო განხილვა ნოემბერში უნდა დაიწყოს, თუმცა ზუსტი დღე ჯერ დანიშნული არ არის.
„სასამართლოს ველოდებით, მაგრამ ჭიანურდება, ჯერ არ არის დანიშნული ზუსტი დღე. ვერც ვერაფერს უმტკიცებენ და არც უშვებენ“, – აცხადებს ავთანდილ ხურციძის მეგობარი.
ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი სასამართლოს წინაშე ბოლოს ორი თვის წინ, 9 სექტემბერს წარსდგა. ამ დღეს საქმის არსებითი განხილვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა მოსამართლემ სხდომა ნოემბრამდე გადადო. მიზეზი კი გახდა ის, რომ სასამართლომ ქართველი მოკრივის საქმე ცალკე საქმედ გამოყო. ხურციძე კიდევ ორ ბრალდებულთან ერთად უნდა გაესამართლებინათ, რომლებიც ქართველი სპორტსმენის წინააღმდეგ აღძრულ ბრალდებებთან დაკავშირებულ რამდენიმე ეპიზოდში ფიგურირებდნენ. ერთი წარმოშობით ქართველი რუსეთის მოქალაქეა, მეორე კი ამერიკაში მცხოვრები ქართველი.
საქმეების განცალკევების შემდეგ ამ თვეში დაგეგმილ მორიგ სხდომაზე, ხურციძე ერთადერთი განსასჯელი იქნება.
გირაოსა და თავდები პირების დახმარებაზე, მისი ახლობლების ინფორმაციით, საუბარი აღარ არის, რადგან ამაზე თავად ხურციძემ თქვა უარი. ეს კი სპორტსმენმა იმით ახსნა, რომ გარეთ ყოფნის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების საემიგრაციო სამსახურთან პრობლემები შეექმნებოდა.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკში, ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას სინდიკატის წევრებთან ერთად დააკავეს. ავთანდილ ხურციძეს რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის რეკეტის, თავდასხმისა და რამდენიმე სახის თაღლითობის ბრალდებები. წინასწარი მოსმენის დროს, სასამართლოზე გამომძიებლებმა მტკიცებულების სახით ორი ვიდეომასალა წარადგინეს, სადაც როგორც თავად განაცხადეს, ხურციძე გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმატორს და ასევე კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფ პირს, რაჟდენ შულაიას დავალებით, ფიზიკურად უსწორდება. FBI-ის გამომძიებლების თქმით, ხურციძე რუსული მაფიის ბოსის, რაჟდენ შულაიას „კუნთი” იყო ბრუკლინში.
ქართველ სპორტსმენს, მეტსახელად „ჩაქუჩას“, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ქამრის დაცვა დაკავების გამო ვეღარ შეძლო, მსოფლიო კრივის ორგანიზაციამ ივნისში ჩემპიონის სტატუსი ჩამოართვა. ავთანდილ ხურციძე ამ დროისთვის ბრუკლინში მდებარე საპატიმროში იმყოფება. ციხეში ყოფნის პერიოდში მას ვაჟიშვილი ტარიელ ხურციძე შეეძინა.