ნიუ იორკში დაკავებული ავთანდილ ხურციძის საქმის არსებითი განხილვა ივნისამდე გადაიდო
ნიუ იორკში დაკავებული ავთანდილ ხურციძის საქმის არსებითი განხილვა ივნისამდე გადაიდო.
ქართველი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე სასამართლო განხილვის დაწყებას ბრუკლინში მდებარე ციხეში ელოდება.
ნიუ იორკში მცხოვრები მისი მეგობრის, შერეული ორთაბრძოლების მებრძოლ მერაბ დვალიშვილის თქმით, ბოლო დახურულ მოსმენაზე პროკურორები და ადვოკატები პროცედურულ საკითხებზე შეთანხმდნენ. ამავე მოსმენაზე გახდა ცნობილი, რომ ხურციძის საქმის არსებითი განხილვა ივნისში დაიწყება.
ნიუ იორკში დაკავებული ქართველი სპორტსმენი სასამართლოს წინაშე ბოლოს ოთხი თვის წინ, გასული წლის 9 სექტემბერს წარსდგა. ამ დღეს საქმის არსებითი განხილვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა მოსამართლემ სხდომა გადადო. მიზეზად საქმეების გაყოფა დასახელდა. სასამართლომ ქართველი მოკრივის საქმე ცალკე საქმედ გამოყო. მანამდე ხურციძე კიდევ ორ ბრალდებულთან ერთად უნდა გაესამართლებინათ, რომლებიც ქართველი სპორტსმენის წინააღმდეგ აღძრულ ბრალდებებზე რამდენიმე ეპიზოდში ფიგურირებდნენ. საქმეების განცალკევების შემდეგ ივნისში დაგეგმილ სხდომაზე, ხურციძე უკვე ერთადერთი განსასჯელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკში, ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას სინდიკატის წევრებთან ერთად გასული წლის ივნისში დააკავეს.
ავთანდილ ხურციძეს რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის რეკეტის, თავდასხმისა და თაღლითობის ბრალდებები. წინასწარი მოსმენის დროს, სასამართლოზე გამომძიებლებმა მტკიცებულების სახით ორი ვიდეომასალა წარადგინეს, სადაც როგორც თავად განაცხადეს, ხურციძე გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმატორს და ასევე კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფ პირს, რაჟდენ შულაიას დავალებით, ფიზიკურად უსწორდება. FBI-ის გამომძიებლების თქმით, ხურციძე რუსული მაფიის ბოსის, რაჟდენ შულაიას „კუნთი” იყო ბრუკლინში.
ქართველ სპორტსმენს, მეტსახელად „ჩაქუჩას“, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ქამრის დაცვა დაკავების გამო ვეღარ შეძლო, მსოფლიო კრივის ორგანიზაციამ ჩემპიონის სტატუსიც ჩამოართვა. ავთანდილ ხურციძე ამ დროისთვის ბრუკლინში მდებარე საპატიმროში იმყოფება. ციხეში ყოფნის პერიოდში მას ვაჟიშვილი ტარიელ ხურციძე შეეძინა.