ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევარს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში აჩვენებენ. „საშიში დედის” ამერიკული პრემიერა 47-ე საერთაშორისო კინოფესტივალის „ახალი რეჟისორები/ახალი ფილმები” ფარგლებში გაიმართება.
კინოფესტივალი „ახალი რეჟისორები/ახალი ფილმები”, გასული საუკუნის 70-იან წლებში დაარსდა და მისი მიზანია ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საინტერესო ახალგაზრდა რეჟისორებს მოუყაროს თავი. ჩვენებებს კრიტიკოსები და კინომცოდნეები ესწრებიან.
კინოფორუმზე ნაჩვენები იქნება რუსი, იაპონელი, კანადელი, ირანელი, ტაივანელი, არგენტინელი, პორტუგალიელი, ბრაზილიელი, გერმანელი, ფრანგი, შვეიცარიელი და სხვა ქვეყნების რეჟისორების ნამუშევრები.
„საშიში დედა” 50 წლის ქართველი დედის, დიასახლისი მანანას ცხოვრებას აღწერს. ქალი დილემის წინაშე დგას – მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და მწერლობის ვნებიან გატაცებას შორის, რომელსაც ის თავის თავში წლების განმავლობაში იკლავდა და რომელშიც თავისი ცხოვრების აზრს პოულობს. დრამაში მთავარ როლს ნატო მურვანიძე ასრულებს.
2017 წელს ფილმი ლოკარნოს კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. ურუშაძის ნამუშევარი ასევე სინგაპურის, ესპანეთის, ეგვიპტის ფესტივალების პრიზიორია, მიღებული აქვს Asia Pacific Screen Awards-ის (APSA) პრიზი, რომელსაც „აზიურ ოსკარსაც” უწოდებენ.
ფესტივალი New Directors/New Films ნიუ-იორკში 28 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით გაიმართება.