ნინო ტყეშელაშვილი - ყველაფერი იქით არის მიმართული, რომ არასრულწლოვნებში განმეორებითი დანაშაული თავიდან ავიცილოთ
პირიქით, აქ დანაშაულის გააზრებაზე, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაზე მუშაობა მიდის. ამ პროცესში არასრულწლოვნები აცნობიერებენ, რომ მათი ქცევა საკუთარი თავიდან გამომდინარეობდა და მათ შეეძლოთ, სხვანაირად მოქცეულიყვნენ
პრობაციის ეროვნულ სააგენტოში გვაქვს სხვადასხვა პროგრამა, რომელიც შეგვიძლია, ძირითადად, სამ ნაწილად დავყოთ, – ამის შესახებ პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ნინო ტყეშელაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს არის დამოკიდებულებების მქონე პირებთან ფსიქოსარეაბილიტაციო სერვისები, ძალადობრივი, აგრესიული ქცევის პრევენციაზე მიმართული აქტივობები და პროსოციალური ქცევის უნარ–ჩვევებისკენ მიმართული სარეაბილიტაციო პროგრამები“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.
მისი თქმით, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკები განრიდება–მედიაციის პროგრამაში აქტიურად არიან ჩართული.
„მიმდინარეობს განრიდებული პირების ოჯახის შეფასება, ასაკობრივი თავისებურებების, მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გათვალისწინება. ჩვენს შეფასებაზე დაყრდნობით ხდება იმ პირობების გაწერა, რომელიც პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას არ გულისხმობს. პირიქით, აქ დანაშაულის გააზრებაზე, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაზე მუშაობა მიდის. ამ პროცესში არასრულწლოვნები აცნობიერებენ, რომ მათი ქცევა საკუთარი თავიდან გამომდინარეობდა და მათ შეეძლოთ, სხვანაირად მოქცეულიყვნენ. ეს ყველაფერი იქით არის მიმართული, რომ განმეორებითი დანაშაული თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.
„მოამბის“ ჟურნალისტის, გიორგი კობერიძის შეკითხვაზე, არასრულწლოვანთა რამდენი პროცენტი აცნობიერებს საკუთარ დანაშაულს და მიმართავს სპეციალურ სამსახურებს, ნინო ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ მათი ჩართულობის მაჩვენებელი და სარეაბილიტაციო პროგრამების ეფექტიანობა ძალიან მაღალია.