თეა წულუკიანი - არ შევეგუები, ვინმემ იმაზე ისაუბროს, რომ სისხლის სამართლებრივი სრულწლოვანება 14 წლის ქვევით დავწიოთ
თეა წულუკიანი - არ შევეგუები, ვინმემ იმაზე ისაუბროს, რომ სისხლის სამართლებრივი სრულწლოვანება 14 წლის ქვევით დავწიოთ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წინააღმდეგია, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 14 წელს ქვემოთ მოზარდებზე გავრცელდეს.

ჟურნალისტებთან საუბარში თეა წულუკიანი არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 2016-2018 წლებში, ბრიუსელში, ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე, ევროკავშირელმა პარტნიორებმა სამჯერ თქვეს, რომ ბავშვთა უფლებების დაცვისთვის საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ყოვლისმომცველი დოკუმენტია.

„ეს საუკეთესო მექანიზმია სისხლის სამართლის პროცესში. თუ ამ კოდექსში რაიმე არის ისეთი, რაც გამომძიებელსა და პროკურორს აწუხებთ, შეიძლება ტექნიკური საკითხები შესწორდეს, მაგრამ ფუნდამენტი არ უნდა შეიცვალოს. არავითარ შემთხვევაში არ შევეგუები, ვინმემ ისაუბროს იმაზე, რომ თურმე, სისხლის სამართლებრივი სრულწლოვანება 14 წლის ქვევით უნდა დავწიოთ, რადგან წარსულში ვნახეთ, ციხეში 12 წლის ბავშვებს როგორ ყრიდნენ ისინი, ვინც ახლა დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობაშია და ჩემ მიმართ კითხვებიც კი ვერ მოიფიქრეს. ეს აღარ უნდა განმეორდეს. შესაბამისად, თუ ტექნიკურ დაზუსტებებზეა საუბარი, იმისთვის, რომ გამოძიება უფრო ეფექტური იყოს, რატომაც არა, მაგრამ არა – ბავშვთა უფლებების ხარჯზე“, – აღნიშნა წულუკიანმა.

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, მისი უწყება პარლამენტს მალე თხოვნით მიმართავს, რომ მართლმსაჯულების კოდექსში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს.