ლადო ჯავახიშვილი - 2010–დან 2016 წლის ჩათვლით, განმეორებითი დანაშაული არასრულწლოვანთა 9%–მა ჩაიდინა, რაც კარგი მაჩვენებელია
ლადო ჯავახიშვილი - 2010–დან 2016 წლის ჩათვლით, განმეორებითი დანაშაული არასრულწლოვანთა 9%–მა ჩაიდინა, რაც კარგი მაჩვენებელია

სასჯელის ალტერნატიული ღონისძიებები, განრიდება და ა.შ განმეორებითი დანაშაულის რიცხვს მაქსიმალურად ამცირებს, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის განრიდება-მედიაციის სამმართველოს უფროსმა, ლადო ჯავახიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„2010–დან 2016 წლის ჩათვლით, ჯამში, განმეორებითი დანაშაული არასრულწლოვანთა 9%–მა ჩაიდინა, რაც მათ შორის, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვითაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. შესაძლებელია, განრიდდეს როგორც ნაკლებად მძიმე, ასევე მძიმე კატეგორიის დანაშაულებიც, თუმცა, უფრო მეტად, განრიდების პროგრამაში ქონებრივი დანაშაულები ხვდება“, – განაცხადა ჯავახიშვილმა. 

„მოამბის“ ჟურნალისტის, ხათუნა გაგნიძის შეკითხვაზე, განრიდება და მედიაცია ნიშნავს თუ არა არასრულწლოვანს პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებას, ლადო ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ განრიდება პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმით დაკისრებას გულისხმობს.

„განრიდება სასჯელის ნაცვლად სხვა ტიპის აქტივობებით არასრულწლოვნის იმ შედეგამდე მიყვანას გულისხმობს, რომ მან ჩადენილი ქმედება გააცნობიეროს და გამოასწოროს ზიანი, რომელიც დაზარალებულს მიაყენა. ყურადღებას ვამახვილებთ, რომ ზიანი თავად არასრულწლოვანმა აანაზღაუროს და არა მისმა მშობელმა. მაგალითად, დაზარალებულისთვის გარკვეული ტიპის აქტივობები შეასრულოს, რითაც მას ზიანს აუნაზღაურებს; შეასრულოს სხვადასხვა აქტივობა, მივიდეს მოხუცებულთა თავშესაფარში და პერსონალს სხვადასხვა საქმიანობაში დაეხმაროს და ა.შ“, – განაცხადა ლადო ჯავახიშვილმა.