ნინო ტოტოღაშვილი - საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზის გადამოწმება გერმანიის ლაბორატორიაში უფასოა
ნინო ტოტოღაშვილი - საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზის გადამოწმება გერმანიის ლაბორატორიაში უფასოა

ამჟამად, საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზის გადამოწმება გერმანიაში, ქალაქ კილის რეფერალურ ლაბორატორიაში ხდება, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგმა, ნინო ტოტოღაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს ლაბორატორია ჩვენ მიერ დასმულ დაიგნოზებს იკვლევს და ძალიან დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჩვენთან დასმული დიაგნოზების 99.9% კილის ლაბორატორიაში არ იცვლება. არის ერთეული შემთხვევები, რომელიც შეიცვალა და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ტაქტიკა შევცვალეთ“, – განაცხადა ტოტოღაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში მაცხოვრებელი ყველა ბავშვისთვის გერმანიაში კვლევა უფასოა.

„მის დაფინანსებას ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკა, სხვადასხვა გერმანული ფონდები, ჩვენი გერმანელი კოლეგები იღებენ. გზავნილს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს, მაგრამ მის ღირებულებას „სოლიდარობის ფონდი“ ფარავს“, – განაცხადა ტოტოღაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია ონკოდაავადებათა ძირითადი სიმპტომები და რას უნდა მიაქციოს მშობელმა განსაკუთრებული ყურადღება, ნინო ტოტოღაშვილმა თქვა, რომ სიმპტომები მრავალგვარია და დაავადებაზეა დამოკიდებული.

„როდესაც ეს არის ლეიკემია, მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, ხომ არ არის ბავშვი ფერმკრთალი, ხომ არ იღლება ადვილად, ხომ არ აქვს წერტილოვანი სისხლჩაქცევები, ან ცხვირიდან სიხლისდენის ეპიზოდები და ა.შ. ასეთ შემთხვევებში, თუ მოქალაქე თბილისელი არ არის, აუცილებლად ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს, უნდა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზის სკრინინგი. იმწუთას, შესაძლოა, სიმსივნური უჯრედები არ იქნას აღმოჩენილი, მაგრამ სხვა დარღვევები აღმოჩნდეს – ანემია, თრომბოციტების ნაკლებობა და ა.შ“, – განაცხადა ტოტოღაშვილმა.

ონკოჰემატოლოგმა ასევე თქვა, რომ სოლიდური სიმსივნეების, თავის ტვინის სიმსივნის სიმპტომებია თავის ტკივილი, ღებინება, გულისრევა; ძვლოვანი სისტემის სიმსივნეების შემთხვევაში – ძვლის გახანგრძლივებული ტკივილი და ა.შ; მუცლის ღრუს ორგანოების სიმსივნეების შემთხვევაში – მუცლის გახანგრძლივებული ტკივილი და ა.შ.