ნინო თანდილაშვილი - ჭუბერის თემში განვითარებული მოვლენები იყო აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი, რაც ყინულის დნობამ გამოიწვია
ნინო თანდილაშვილი - ჭუბერის თემში განვითარებული მოვლენები იყო აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი, რაც ყინულის დნობამ გამოიწვია

ჭუბერის თემში განვითარებული მოვლენები იყო აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი, რაც ყინულის დნობამ გამოიწვია – ამის შესახებ პირველ არხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ჰესის არსებობის პირობებში, სტიქიას მსგავსი მასშტაბი არ ექნებოდა და მდინარე სოფლებს ვერ დააზარალებდა.

როგორც თანდილაშვილმა აღნიშნა, ადგილზე გეოლოგები და ჰიდრომეტეოროლოგები საველე ექსპედიციურ კვლევებს უკვე ახორციელებენ.

მინისტრის მოადგილის თქმით, სპეციალისტები იგივე მასშტაბის სტიქია აღარ ელოდებიან, მიუხედავად იმისა, რომ დღის მეორე ნახევარში ნალექია მოსალოდნელი.

სოფელ ჭუბერში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სტიქიის ზონაში მცხოვრები ყველა მოქალაქე არის უსაფრთხო ადგილზე და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

უწყების ცნობით, შექმნილ სიტუაციას სრულად აკონტროლებს ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა.

სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სტიქიის ზონაში გაიგზავნა სამაშველო ჯგუფების დამატებითი შემადგენლობა – თბილისიდან, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებიდან. სოფელ ჭუბერში 150 მაშველი იმყოფება.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და ორი სახლი წაიღო.