ნინო სურგულაძის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს „სიკეთის ბარათები“ გადაეცემათ
ქართველი მეცოსოპრანოს, ნინო სურგულაძის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს „სიკეთის ბარათები“ გადაეცემათ.
სურგულაძის განცხადებით, „სიკეთის ბარათებს“ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები 7 იანვრიდან სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს გადასცემენ, რომლებსაც ყველაზე დაბალი – 1000 ან ნაკლები ქულა აქვთ.
„ნატვრის ხე“ ამ ეტაპზე აღნიშნული აქციით 287 მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარება, სადაც 400-ზე მეტი შშმ ბავშვია.
„ეს არის ახალი ინიციატივა, რომლითაც საერთაშორისო ფონდი „ნატვრის ხე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ასევე „თიბისი ბანკთან“, „სოკართან“ და „ავერსთან“ ერთად, ყველა დაბალ -1000 ან ნაკლებქულიან, მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ერთი ან ერთზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი ჰყავთ, 100-ლარიანი ბარათით დაეხმარება.
აღნიშნულ ბარათებთან ერთად, ოჯახებს სოციალური აგენტები სერტიფიკატებს გადასცემენ, რომლებსაც ისინი აფთიაქების ქსელ „ავერსში“ მათი საჭიროებისამებრ გამოიყენებენ.
ეს არის აქცია, რომელშიც მაქვს სურვილი, რომ ჩაერთოს ყველა სამომავლოდ: ვისაც სურვილი და შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს სიკეთის ბარათი და მის გვერდით მყოფ გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმაროს”, – განაცხადა სურგულაძემ.
ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ 4 წლის წინ შეიქმნა, ამ დროის განმავლობაში ფონდის მიერ 60-ზე მეტი არასრულწლოვანის მკურნალობის ხარჯები დაფინანსდა.
ქართველი ბავშვების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებებში 4 წლის განმავლობაში მსოფლიოში აღიარებულმა არაერთმა ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა.