სოციალურად დაუცველ 240 ოჯახს ფულადი ვაუჩერი „სიკეთის ბარათი“ გადაეცემა
სოციალურად დაუცველ 240 ოჯახს ფულადი ვაუჩერი „სიკეთის ბარათი“ გადაეცემა

65 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც ერთი 16 წლამდე ასაკის შშმ პირი ჰყავთ, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ნინო სურგულაძის ფონდის „ნატვრის ხე“ ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, „სიკეთის ბარათებს“ მიიღებენ. მორიგი აქციის ფარგლებში, ფულადი ვაუჩერი – „სიკეთის ბარათი“ 240 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა. ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქცია კომპანია „სოკარის“ აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.

აქციის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და ნინო სურგულაძე სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ და ფულადი ვაუჩერი პირადად გადასცეს.

„აღნიშნული ვაუჩერით სოციალურად დაუცველი ოჯახები მედიკამენტების, საკვები დანამატებისა და სხვა შესაბამისი სამედიცინო დანიშნულების საგნების შეძენას შეძლებენ. „სიკეთის ბარათების“; განაღდების შესაძლებლობა მათ კომპანია „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში ექნებათ.

სოციალური მომსახურების სააგენტომ შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით სულ 240 ოჯახი შეარჩია. „სიკეთის ბარათების“ დარიგებას სააგენტო თავად უზრუნველყოფს. ფულადი ვაუჩერების მიღების მიზნით, სოციალურად დაუცველი ოჯახი შესაბამის განცხადებას შეავსებს.

საქველმოქმედო აქცია დღეიდან დაიწყება და მარტის ბოლომდე გაგრძელდება.

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ შვიდი წლის წინ შეიქმნა. ამ დროის განმავლობაში საქველმოქმედო კონცერტებით, საზოგადოებისა და მსოფლიო ვარსკვლავების ჩართულობით, ნინო სურგულაძემ 120-ზე მეტს ბავშვს აჩუქა სიცოცხლე, ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა და ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდა. ასევე, ფონდმა დახმარება გაუწია სოციალურად დაუცველ ათასამდე ოჯახს“, – აღნიშნულია სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაში.