ნინო სურგულაძის ფონდი „ნატვრის ხე“ საქველმოქმედი საღამოს მართავს
ნინო სურგულაძის ფონდი „ნატვრის ხე“ საქველმოქმედი საღამოს მართავს

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ საქველმოქმედი საღამოს მართავს, სახელწოდებით „სიცოცხლისთვის“. საღამოზე მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე წარდგა. მას აკოპანირება პიანისტმა და კომპოზიტორმა ნიკა ნიკვაშვილმა გაუწია.

საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხებით ფონდი „ნატვრის ხის“ ბენეფიციარებს დააფინანსებს, რომელთაც საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროებათ. საქველმოქმედო ღონისძიებისთვის ისრაელის დელეგაცია ჩამოვიდა.

„დღევანდელი საღამო არის ნამდვილად გამორჩეული და განსხვავებული, რაც კი „ნატვრის ხეს“ გაუკეთებია აქამდე, რადგან ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი გულშემატკივარი. დღეს კონკრეტულად ისრაელიდან სპეციალურად ჩამოვიდნენ, რათა დაეხმარონ ქართველ ბავშვებს. ეს არის ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაცია. ერთი დღით იქნებიან საქართველოში, მოისმენენ დღევანდელ მუსიკალურ პროგრამას და თავის წვლილს შეიტანენ ამ კეთილშობილურ საქმეში. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ტრადიცია დაფუძნდა დღეს და იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება. ჩვენ შევძლებთ, რომ ისრაელის სახლთან ერთად დავეხმაროთ ბავშვებს“, – განაცხადა ნინო სურგულაძემ.