ნინო ლომჯარია სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში მივიდა, სადაც გუშინ ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლა
ნინო ლომჯარია სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში მივიდა, სადაც გუშინ ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში მივიდა, სადაც გუშინ ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლა.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები რამდენიმე საათია, იმყოფებიან ციხის ტერიტორიაზე.

„საჯაროდ გავრცელებული განცხადების საფუძველზე გავიგეთ, რომ ხანძრის შედეგად გარდაცვლილია ორი პატიმარი. სამწუხაროა, რომ არც პენიტენციურმა სამსახურმა და არც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა არ შეგვატყობინეს აღნიშნულის თაობაზე. დღეს უკვე, რამდენიმე საათია, ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებიან ციხის ტერიტორიაზე. ვიცი, რომ გაესაუბრნენ პატიმრებს, ასევე დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. მათთვის იგივე ინფორმაცია არის ცნობილი, ხანძარი დაიწყო სასადილოში. სადილის შემდგომ იმყოფებოდა იქ ერთი პირი, რომლის გამოყვანასაც ცდილობდა სხვა პატიმარი. ჯერჯერობით რაც ვიცი, ეს სასადილო არის მოშორებით, სადაც იმყოფებიან პატიმრები, ე.წ.ზონისგან. ვნახავ გავესაუბრები პატიმრებს, რამდენად იგრძნობოდა მათთვის საფრთხე, იყო თუ არა საჭირო ევაკუაცია შექმნილ ვითარებაში. ჩვენ გავესაუბრეთ სამეურნეო ნაწილის პატიმრებს და ისინი აცხადებენ, რომ არ იყო ასეთი საფრთხე. დაშავებულების შესახებ არ ვიცი, ვიცი მხოლოდ, რომ არის ორი გარდაცვლილი, რომლებიც სასწრაფომ წაიყვანა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, N17 დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზებით, 14 ოქტომბერს, დაახლოებით 14:20 საათზე მოხდა. უწყების ცნობით, სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს და არ არსებობდა ანძრის გავრცელების საფრთხე. ხანძარი ლიკვიდირებულია. N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში ხანძარს ორი მსჯავრდებული ემსხვერპლა. ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული. ასევე კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა კომპანია „ილი ჯგუფის“ (პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია) რამდენიმე თანამშრომელიც, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მომხდარს სახელმწიფო ინსპექტორს სამსახური იძიებს.