პენიტენციური სამსახური N17 დაწესებულებაში გუშინდელ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პენიტენციური სამსახური N17 დაწესებულებაში გუშინდელ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს N17 დაწესებულებაში გუშინდელ ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც ორი პატიმარი ემსხვერპლა. უწყება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებულის – რომან ქრისტესიაშვილის და ილია ხიპაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული.

ასევე კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა კომპანია „ილი ჯგუფის“ (პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია) რამდენიმე თანამშრომელიც, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზებით, დაახლოებით 14:20 საათზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს და არ არსებობდა საფრთხე ხანძრის გავრცელების.

ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორს სამსახურს. ასევე, ინფორმირებულია იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზებისა და გარემოებების დადგენა მოხდება მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.