ნინო ლომჯარია - სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს ეჭვებს, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად ვერ გამოვლინდნენ
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას განცხადებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ადასტურებს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ წარმოჩენილ ეჭვებს, რომ გამოძიებამ გარდაცვლილი დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად ვერ გამოავლინა.
სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში სხვა მონაწილე დამნაშავეების გამოსავლენად.
„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესწავლა სახალხო დამცველის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. ჩვენ პირველივე დღიდან ვართ ჩართული საქმის შესწავლაში, ვესწრებოდით სასამართლო სხდომებს, ვესაუბრებოდით დაზარალებულებს და ბრალდების მხარეს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახალხო დამცველს არ ჰქონდა წვდომა გამოძიების საქმის მასალებზე და მასალებზე წვდომა გვექნება მხოლოდ განაჩენის გამოტანის შემდგომ. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში გამოძიების მასალებს სახალხო დამცველი სრულად შეისწავლის, თუმცა ამ ეტაპისთვის შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ადასტურების მომხდარი ტრაგედიის შემდეგ წარმოჩენილ ეჭვებს, რომ გამოძიებამ გარდაცვლილი სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად ვერ გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებული მხარე აღნიშნულ გარემოებაზე ღიად აპელირებდა, გამოძიება სხვა პირების მიერ მკვლელობის ფაქტზე დღემდე არ დაწყებულა და პროკურატურა ფაქტობრივად, გამორიცხავდა მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობას“, – განაცხადა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მკვლელობაში სხვა მონაწილე დამნაშავეების გამოსავლენად.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით გამოძიების დაწყების საფუძველი უკვე არსებობდა, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნით დავით სარალიძისთვის მიყენებული ჭრილობა არ იყო მიყენებული გამოძიების მიერ მოპოვებული იარაღით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისივე თქმით, კითხვები არსებობს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიების მიმართულებით, თუ რამდენად ამომწურავია პასუხისგებაში მიცემულ პირთა სია, რომლებმაც ხელი შეუწყვეს დანაშაულის დაფარვას.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, გააცნოს ამ დროისთვის არსებული ყველა სხვა მიმდინარე გამოძიების მასალები ამ ფაქტთან დაკავშირებით და ასევე დაუყოვნებლივ დაიწყოს სხვა პირთა მიერ მკვლელობის გამოძიება და მიმდინარე გამოძიების მასალები გააცნოს სახალხო დამცველს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
რაც შეეხება საკითხს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან და მტკიცებულებები გადაეცემათ, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მკვლელობაში სხვა პირთა მონაწილეობაზე გამოძიების დაწყების საფუძველი უკვე არსებობდა.
„მკვლელობაში სხვა პირთა მონაწილეობაზე გამოძიების დაწყების საფუძველი უკვე არსებობდა იქიდან გამომდინარე, რომ არსებობდა ექსპერტის დასკვნა, რომელმაც განაცხადა, რომ სასიკვდილო ჭრილობა არ იყო მიყენებული იმ იარაღით, რაც ამოიღო გამოძიებამ. პროკურატურას ამ მიმართულებით გამოძიება დღემდე უნდა დაეწყო. რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიება დაწყებული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ამ გარემობების გათვალისწინებით ნამდვილად არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.