ნინო ლომჯარია - ოთარ აბესაძის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უპირატესი
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარა აბესაძის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უპირატესი. როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი აპარატი საქმეს სწავლობს.
„ოთარ აბესაძის საქმეს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობს, ჩვენ მიმართ ადვოკატების მხრიდან ოფიციალური მოთხოვნა არ ყოფილა. იყო ერთადერთი თხოვნა, რომ დავსწრებოდით სასამართლო პროცესებს და ჩვენ ვესწრებით.
ასევე, მოვინახულეთ ოთარ აბესაძე სამედიცინო დაწესებულებაშიც. ამ ეტაპზე, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, გავეცნოთ მასალებს თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ჩემი პოზიციაა, რომ უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს გათვალისწინებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამდენად პროპორციულია ამ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიება. რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უპირატესი და ამ გარემოების გათვალისწინებით, უნდა მოხდეს შესაბამისი ღონისძიების გამოყენება. ამ ეტაპზე, სხვა დეტალებისგან თავს შევიკავებ, რადგანაც ეს საუბარი სახალხო დამცველთან იყო კონფიდენციალური და არ ყოფილა დასტური, რომ გაგვესაჯაროებინა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.