ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ „მწვანე სკოლასთან“ დაკავშირებული საეჭვო გარემოებები ობიექტურად იქნება გამოძიებული
გამოძიება მიმდინარეობს არა მხოლოდ პოლიციაში მომხდარზე, არამედ სხვა ძალიან საეჭვო გარემოებებზე, რაც დაკავშირებულია სკოლასთან, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროს ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება.
„ჩემი ინფორმაციით, გარდაცვლილის დედას აქვს ჩვენება მიცემული, რომლითაც დასტურდება არასრულწლოვანზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა. სხვა პირებიც ადასტურებენ ამ ფაქტს, რაც მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ამ საქმეში. თუმცა, გამოძიება მიმდინარეობს არა მხოლოდ პოლიციაში მომხდარზე, არამედ სხვა ძალიან საეჭვო გარემოებებზე, რაც დაკავშირებულია სკოლასთან, ამ მიმართულებითაც იმედი მაქვს, ობიექტურად წარიმართება გამოძიება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ხდებოდა თუ არა ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლის მხრიდან, სახალხო დამცველმა შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ინფორმაცია აქვს და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება.
12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.
თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული.