ნინო ლომჯარია - იმ ვითარებაში რუსთაველის გამზირის გადაკეტვა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს გასცდა
რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვა შეკრებისა და გამოხატვის შესახებ კანონის რეგულაციის ფარგლებს გასცდა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
„ვფიქრობ, არავინ მოვიტყუებთ თავს, რომ ვთქვათ, მაშინ, როდესაც იმ ვითარებაში რუსთაველი გადაიკეტა, ეს ქმედება გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების კანონით რეგულირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. ეს იცოდნენ როგორც აქციის მონაწილეებმა, იცოდა შს სამინისტრომ, იცოდა მედიამ და ვიცოდი მეც“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ამასთან, მისი თქმით, პროტესტი, რაც დაიწყო სამართლიანი და საყოველთაო სახალხო პროტესტით, არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არა მარტო ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ძიებისთვის, არამედ ყველა სხვა დანარჩენი საქმეების გამოძიებისთვის, რაც გარდაცვლილ პირთა საქმეების შესწავლას უკავშირდება.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე გუშინ აქცია „ნუ მომკლავ” გაიმართა. აქციის შემდეგ, მონაწილეებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი იყო. სამართალდამცველებმა დღეს რუსთაველის გამზირზე კარვები საავტომობილო გზიდან პარლამენტის წინ არსებულ ტერიტორიაზე გადაიტანეს და გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განახლდა.