ნინო კობახიძე - სახელმწიფოს სრული უფლება აქვს, თამაშის სწორი წესები დააწესოს, თუმცა კომუნიკაციის სწორი ფორმა აუცილებელია
ნინო კობახიძე - სახელმწიფოს სრული უფლება აქვს, თამაშის სწორი წესები დააწესოს, თუმცა კომუნიკაციის სწორი ფორმა აუცილებელია

სახელმწიფოს, რომელიც ფულს იხდის, სრული უფლება აქვს, რომ თამაშის სწორი წესები დააწესოს, თუმცა კომუნიკაციის სწორი ფორმა აუცილებელია, – ამის შესახებ „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ჯანდაცვის ბაზარზე ბიზნესის პერსპექტივები განიხილეს იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისათვის ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემოღება გადაწყვიტა. აღნიშნულ ინიციატივას კლინიკები უარყოფითად შეხვდნენ, რადგან ასეთი რეფორმის შედეგად ფინანსურ პრობლემებს ელოდებიან.

ნინო კობახიძის მოსაზრებით, აღნიშნული რეფორმა სავსებით სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა ის კერძო სექტორთან სწორი კომუნიკაციის პირობებში უნდა წარიმართოს.

„ერთიანი სატარიფო პოლიტიკა რომ გასაკეთებელი იყო, პირადად მე ამას ჯერ კიდევ 2015 წელს მივხვდი. მე, როგორც სადაზღვევო ბიზნესში აქტიურად ჩართულმა ადამიანმა, ძალიან კარგად ვიცი, რომ სახელმწიფოს, რომელიც ფულს იხდის, სრული ლეგიტიმური უფლება აქვს, თამაშის სწორი წესები დააწესოს. მას შეუძლია თქვას, რომ მაგალითად, მე მსურს, ყველას სელექციურად კონკრეტული კლინიკა მოგამაგროთ – რასაც სელექტიურ კონტრაქტირებას უწოდებენ. შესაბამისად, ამ თანხას გადავიხდი. თუმცა შვიდწლიან პერიოდში ყველაზე წარმატებულ რეფორმად შეფასებულ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ყველა ბედნიერია – ექიმიც და პაციენტიც. ამ ფონზე, როდესაც ხარჯების შემცირებას ერთიანად აკეთებ, ავტომატურად გრჩება უბედური ექიმი, რომლის ხელფასზეც ეს შეიძლება აისახოს. უბედური ექიმი კი გარანტირებულად პაციენტზეც გადადის. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ეს უნდა დაეწყო და გაეკეთებინა, მაგრამ ყველაფერს სწორი კომუნიკაციის ფორმატი აქვს. მართალია კომუნიკაცია მეტ-ნაკლებად იყო რომელიღაც კონკრეტულ ჯგუფებთან, მაგრამ კლინიკები დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს ასე სწრაფად ვერ მოესწრებოდა“, – განაცხადა კობახიძემ.

ის ეთანხმება სახელმწიფოს არგუმენტაციას, რომლის მიხედვითაც რეფორმა საბიუჯეტო თანხების გამჭვირვალედ ხარჯვას და ზოგადად მართებულ დაზოგვას ემსახურება. თუმცა, კობახიძე მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით უმჯობესი იქნება, საეჭვო რეპუტაციის მქონე კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩაიხსნას.

„ძალიან რეალისტები რომ ვიყოთ, მთავარი მიზანი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტმა სწორად დაზოგოს თანხები. ჩემი, როგორც გადასახადის გადამხდელის მოტივაციაც ეს არის, რომ სახელმწიფომ სწორად განკარგოს ჩემი გადახდილი გადასახადები. შესაბამისად, ვნახეთ, რომ აღარ დამთავრდა პატარ-პატარა კლინიკების გახსნა, რომლებიც ამ საყოველთაო ჯანდაცვაში ერთვებიან. მე რომ მკითხოთ, პირველ რიგში იმ კლინიკების რევიზია და მონიტორინგი და არასწორად მოთამაშე კლინიკების ამ პროცესიდან ჩახსნა უნდა დაწყებულიყო“, – განუცხადა ნინო კობახიძემ „ბიზნესპარტნიორს“.