ქრთამის აღებისთვის დაკავებულ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამ მენეჯერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ქრთამის აღებისთვის დაკავებულ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამ მენეჯერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ქრთამის აღებისთვის დაკავებულ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამ მენეჯერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე გირაოს შუამდგომლობით გამოვიდა, ბრალდების მხარე კი პატიმრობას ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, არსებობდა მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

საბოლოოდ, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.

სუს-ის ცნობით, დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, სააქციო საზოგადოება „ვიანისადმი” დაქვემდებარებულ სამედიცინო დაწესებულებებში რამდენიმე ათასი პაციენტის გადამისამართების სანაცვლოდ, ნ.კ.-მ, რ.ც.-მ და თ.მ.-მ კლინიკებისაგან ქრთამის სახით მიიღეს, ჯამში, 532 126 ლარის ოდენობის ფულადი თანხა. თავის მხრივ, კლინიკების წარმომადგენელმა ნ.ჟ.-მ მოხელეთათვის ქრთამის მიცემის გზით პაციენტების მოზიდვისათვის ბონუსის სახით მიიღო 149 010 ლარის, ხოლო მ.ხ.-მ 76 771 ლარის შემოსავალი.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“, მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 15 წლამდე.