ნინო ჟვანია - უბედურ შემთხვევას ვეძახით ბევრ რაღაცას, რისი თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, ყველაფრისთვის უბედური შემთხვევის დარქმევა უნდა დავივიწყოთ
საერთოდ, უნდა დავივიწყოთ ყველაფრისთვის უბედური შემთხვევის დარქმევა, – ამის შესახებ 2016 წელს სათხილამურო ტრასაზე დაღუპული სალომე ტატიშვილის დედამ, ნინო ჟვანიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. გადაცემაში სასკოლო ექსკურსიებზე და ექსკურსიებისას მომხდარ შემთხვევებზე იმსჯელეს.
„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება და ეს პრევენციით, გაუმართლებელი რისკების ნიველირებით უნდა დავიწყოთ; უნდა დავიწყოთ იმით, რომ არც ერთი პროცენტი არ უნდა არსებობდეს, ასეთი უბედური შემთხვევა მოხდეს. უბედურ შემთხვევას ვეძახით ძალიან ბევრ რაღაცას, რისი თავიდან აცილებაც შეიძლებოდა და საერთოდ, უნდა დავივიწყოთ ყველაფრისთვის უბედური შემთხვევის დარქმევა. ეს ჩემი ძალიან მყარი პოზიციაა“, – განაცხადა ნინო ჟვანიამ.
მისი თქმით, უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ჯერ პრევენცია და შემდეგ რეაგირება.
„2016 წლამდე, სანამ სალომეს შემთხვევა მოხდებოდა, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც ტრასებზე არასათანადოდ მოსრიალე ადამიანი დაეჯახებოდა ხოლმე მოზრდილს, ბავშვს და ა.შ. ხდებოდა სხვადასხვა სახის დაზიანება და ამაზე არანაირი სახის რეაგირება არ იყო. სამწუხაროდ, სალომეს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ამიტომ, ჯერ პრევენციაა აუცილებელი და შემდეგ რეაგირება“, – განაცხადა ნინო ჟვანიამ.
ჟვანიამ ასევე განაცხადა, რომ როცა უბედური შემთხვევა მოხდება, ადამიანები უნდა შეეცადონ, პასუხისმგებელი პირი გამოვლინდეს, რადგან სხვანაირად, სამართლებრივი სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდება.
„სხვანაირად, ძალიან გაგვიჭირდება წინ წასვლა. თუ ყველანი თვალს დავხუჭავთ და ვიტყვით, რომ დამნაშავეც ცოდოა, მასაც თავისი ტვირთი ეყოფა საზიდად და ა.შ, ასე წინ ვერ წავალთ და შეიძლება, 100-დან 99 შემთხვევაში გაგვიმართლოს, მაგრამ სამწუხაროდ, აუცილებლად დადგება ის ერთი შემთხვევა, რომელიც ასეთი ტრაგიკული იქნება“, – განაცხადა ნინო ჟვანიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აჩვენა თუ არა მისმა შემთხვევამ ის, რომ ბრძოლას შედეგი მოაქვს, ნინო ჟვანიამ განაცხადა, რომ მისი ბრძოლა შედეგიანი იყო და ბრძოლა ყოველთვის აუცილებელია სხვისი შვილების უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფოს განვითარებისთვის.
„თავიდან, უნდოდათ ამის უბედურ შემთხვევად მონათვლა, მაგრამ ეს ნელ-ნელა იცვლება და აღმოჩნდა, რომ ყოველი უბედური შემთხვევის უკან არის კონკრეტული პირი, რომელიც ნებით, უნებლიედ, ბოროტი განზრახვით თუ გულგრილობით არის დამნაშავე. აი, ამ პირის თუ ინსტიტუციის გამოკვეთა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ნინო ჟვანიამ.